ლევან დავითაშვილი - მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ და მოქალაქეების ოჯახებში მეტი კეთილდღეობა შეიქმნას
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ ჩვენ მეტი ადამიანი დავასაქმოთ და მოქალაქეების ოჯახებში მეტი კეთილდღეობა შეიქმნას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა ასახულია დასაქმებაშიც – „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, შარშანდელი წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 114 000 ადამიანით არის გაზრდილი“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში დასაქმება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის მნიშნელოვანი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, ვაჭრობისა და ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უმუშევრობის დონე 15.6 პროცენტს შეადგენს და ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო წინა წლის ბოლო, მეოთხე კვარტალთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
„დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ შევინარჩუნებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, კიდევ უფრო შემცირდება უმუშევრობა და გაიზრდება დასაქმება ქვეყანაში“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.