ლევან დავითაშვილი - ლარის კურსი გამოწვეულია იმ განცდებით და განწყობებით, რომლებიც შექმნილია გარკვეული ძალების მიერ
ინფლაციაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს სწორი მონეტარული პოლიტიკა და ისინი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ინფლაციური მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ლარის კურსი დიდწილად დაკავშირებულია იმ არასტაბილურობის განცდასთან, რომელიც გამოწვეული იყო ცნობილი მოვლენების შედეგად, ხოლო რეალური ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს საქსტატმაც გამოაქვეყნა.
„ჩვენ წელს, ექვსი თვის მონაცემებით გვქონდა 4.9 პროცენტის რეალური ეკონომიკური ზრდა და ივნისის თვეში იყო ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ანუ ეკონომიკის სიჯანსაღეს ადასტურებს ზუსტად ეს მონაცემები. რაც შეეხება ლარის კურსს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძირითადად გამოწვეული იმ განცდებით და განწყობებით, რომლებიც შექმნილია გარკვეული ძალების მიერ, ვგულისხმობ ოპოზიციას. ნაბიჯები, რომლებიც ოპოზიციამ უპასუხისმგებლობით გადადგა, ქვეყანაში არასტაბილურობის შეგრძნების თუ განცდის შექმნის მცდელობით, ამან გამოიწვია კურსის რყევა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.