ლევან დავითაშვილი - კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ევროინტეგრაციის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა, მაგრამ ეს 2014 წლის შემდეგ გაწეული შრომის ლოგიკური გაგრძელება იყო
ლევან დავითაშვილი - კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ევროინტეგრაციის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა, მაგრამ ეს 2014 წლის შემდეგ გაწეული შრომის ლოგიკური გაგრძელება იყო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოდის. როგორც ლევან დავითაშვილმა თავისი გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, დეპუტატებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და რეფორმების შესახებ, რომელთა მიზანსაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და მათი ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება წარმოადგენს.

„მთავრობის პროგრამის სახელწოდებაა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რასაც პასუხობს ჩვენი ყველა გადაწყვეტილება. 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა, მაგრამ ამავე დროს ეს გადაწყვეტილება ლოგიკური გაგრძელება იყო იმ მრავალწლიანი შრომისა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გასწია 2014 წლის შემდეგ. ეს იყო რთული გზა საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, რომლის ერთი ეტაპიც ჩვენ წარმატებით დავძლიეთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში (2024 წლის 15 იანვარს) ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“ 2024-2026 წლისთვის. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, აღნიშნული რეფორმების განხორციელება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში ხაზი გაუსვა, რომ, გლობალური თუ რეგიონული გამოწვევების ფონზე, ეკონომიკის ზრდის სწრაფი ტენდენციებით საქართველო კვლავ მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს შორის. 2021–22 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2023 წელსაც საქართველომ შეძლო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.

„თუმცა გასული წელი სხვა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებითაც იყო გამორჩეული: უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი; საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე; პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 17.8%-ით გადააჭარბა; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა შეადგინა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა კვლავ სტაბილურად გაგრძელდება.