ლევან დავითაშვილი ჯერ ვერ აკონკრეტებს, რა თანხა დაიზოგება ორი სამინისტროს გაერთიანებით
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რა თანხა დაიზოგება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შედეგად.
სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტება მინისტრმა კონფერენციაზე „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ გააკეთა.
„სტრუქტურული ცვლილებებთან დაკავშირებით ფოკუსი იმაზე, რომ ჩვენ დავზოგავთ რაღაც თანხებს, არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მმართველობითი რეფორმის სწორად ჩატარება და მმართველობის გაუმჯობესება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მიმართულება – გარემოს დაცვითი და სოფლის განვითარების კუთხით გაძლიერდეს.
ლევან დავითაშვილის თქმით, სრული რეორგანიზაციის პროცესისთვის კანონმდებლობით სამი თვეა გათვალისწინებული.
„რეორგანიზაციის გარკვეული გეგმა ჩვენ უკვე გვაქვს სამინისტროების გაერთიანების კუთხით, ამას რამდენიმე კვირაში განვიხილავთ და შესაბამისად, ეს პროცესი წარიმართება ეფექტურად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ორივე მიმართულება, გარემოს დაცვითი და სოფლის განვითარების გაძლიერდეს. რაც შეეხება სრული რეორგანიზაციის პროცესს, კანონმდებლობით სამი თვეა გათვალისწინებული. ეს უკვე გულისხმობს მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურების გაცნობასა და ოპტიმიზაციას. როდესაც ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მმართველობით ოპტიმიზაციას ვგულისხმობთ, თუმცა ამავე დროს მოიაზრება ეკონომია. არ მინდა თანხა ვთქვა, სანამ პროცესი ბოლომდე არ დასრულდება”, – განუცხადა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
კონფერენციაზე „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის შედეგებს შეაჯამებენ და ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს შემდგომ დაფინანსებას გამოაცხადებენ.