საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ისრაელის მსხვილი აგრარული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და თანამედროვე სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც დასავლეთ საქართველოში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, სასათბურე მეურნეობების გაერთიანების შექმნას გულისხმობს. მსხვილი გაერთიანება, რომელიც სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების, უმთავრესად კი მწვანილის წარმოებას და დისტრიბუციას გულისხმობს, იქნება ერთგვარი რეგიონული ჰაბი.
„ისრაელის სახელმწიფო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნაა სასათბურე მეურნეობებში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის წარმოებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ისრაელში სასათბურე მეურნეობების შექმნაში, თანამედროვე ტექნოლოგიების, ირიგაციის ეფექტიანი და ეკონომიური სისტემების დანერგვისა და გამართული ლოგისტიკის მიმართულებით არსებობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ისრაელის ექსპორტისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში, რომელშიც, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ისრაელის სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს კომპანიების საქმიანობის, მათ შორის, აგრარული მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ბაზრების დივერსიფიკაციის, მარკეტინგული აქტივობების შემუშავების დეტალურად გაცნობის მიზნით.
ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს, ური არიელს შეხვდება.