ლევან დავითაშვილი - ღვინის სექტორში არსებული წარმატება აბსოლუტური რეკორდია საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში
ლევან დავითაშვილი - ღვინის სექტორში არსებული წარმატება აბსოლუტური რეკორდია საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში

ღვინის სექტორში არსებული წარმატება არის აბსოლუტური რეკორდი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დეპუტატების საპასუხოდ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სფეროში 2012 წლიდან 2017 წლამდე განხროციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობის სფეროში მიდგომები მკვეთრად შეიცვალა. მისი თქმით, პროგრამების ძირითადი ნაწილი გრძელვადიანია და შედეგები მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება.

წარმატებულ სფეროებზე საუბრისას ლევან დავითაშილმა ღვინის სექტორი გამოყო და აღნიშნა, რომ ამ სფეროში არსებული წინსვლა აბსოლუტური რეკორდია საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში.

„წელს 70 მილიონ ბოთლზე მეტი ექსპორტი გვაქვს და ველოდებით, რომ წლის ბოლო მონაცემებით 80 მილიონს მივაღწევთ. ეს არის აბსოლუტური რეკორდი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში. საქართველოში ამდენი ყურძენი არასდროს გადამუშავებულა. ხაზგასასმელია ისიც, რომ აქამდე ჩვენს ქვეყანაში ინდუსტრიულად დაახლოებით 60 000 ტონა მუშავდებოდა, რეგულარულად ჩვენ უკვე გვაქვს 140–150 ათასი ტონის ინდუსტრიული გადამუშავება. ასევე აღსანიშნავია, რომ 5 000 ახალი ჰექტარი ვენახი გაშენდა ბოლო პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.