ლევან დავითაშვილი ფაროსანასთან ბრძოლის გეგმის პრეზენტაციას პარლამენტში გამართავს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარსდგება, სადაც ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებული სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფაროსანასთან დაკავშირებით ყურადღება ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ გაამახვილა და მთავრობას მოუწოდა, ამ პრობლემას სერიოზულად ებრძოლოს.
„მეჩვენება, რომ ხელისუფლება ფაროსანას პრობლემის მასშტაბებს ვერ აცნობიერებს, რადგან წელს პრობლემის ზონა მხოლოდ სამეგრელო იყო, 16 მილიონი ლარი დაიხარჯა და პრობლემას ვერ ეშველა. ანუ, პრობლემა არათუ ვერ გადავჭერით, არამედ ვერც გავაჩერეთ. ფაროსანა საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა და მომავალი წლისთვის 14 მილიონი გამოვყავით, რაც საკმარისი ვერ იქნება. სოფლის მეურნეობის მინისტრი წარმატებულად არის დასახელებლი, თუმცა ამ პრობლემას მხოლოდ პროპაგანდისტულ დონეზე ებრძვის. რა აზრი აქვს მომავლის დანერგვას, თუ მოსავალს ფაროსანა შეჭამს? მოსახლეობაში რიგდება წამალი და მთავრობა იმას კითხულობს, მოსახლეობას შესაწამლავი აპარატი აქვს? ფაროსანა მარტო სახლების ირგვლივ არ ბუდობს და ტყეშიცაა. ამ ღონისძიებებში ჩასართავია ავიაციაც, რადგან ამ პრობლემას შესაძლოა, მეფუტკრეობა შეეწიროს. წინა პარლამენტში მწვანილზე ვსაუბრობდი, ახლა ფაროსანაზე და შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ღიმილი ჰქონდეს, მაგრამ ფაროსანა მოსავალს არ დატოვებს“, – აღნიშნა ბობოხიძემ.
აკაკი ბობოხიძეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაროსანა სერიოზული პრობლემაა და ამაზე არავინ დაობს.
„სამინისტროს სამოქმედო გეგმა მომზადებული აქვს და მინისტრი კომიტეტზე პრეზენტაციას გააკეთებს, სადაც საშუალება გექნებათ, პასუხები მიიღოთ. სოლოს ტიპის აპარატები, რითაც მასივების დამუშავება ხდებოდა, მუნიციპალიტეტებში დარჩა. ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიცაა გადმოსული და ეს სერიოზული პრობლემაა, რის გამოც ყველაფერი გაკეთდება, რომ მისი ლოკალიზება მოხდეს“, – დასძინა დანელიამ.