ლევან დავითაშვილი - ევროპასთან დაახლოების კუთხით ყველაზე მეტი საქმე ჩვენ გავაკეთეთ, პროგრესის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგად, სხვანაირად არანაირად
ყველაზე მეტი საქმე ჩვენ გავაკეთეთ ევროპასთან დაახლოების კუთხით, ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით. პროგრესი გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაშიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, პროგრესის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგად.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ, გრძელვადიან პარტნიორებთან გვქონდეს სტაბილური ურთიერთობები, თანამშრომლობა, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება მიმართული. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთი განცხადება იყო როგორც საარჩევნო პროცესში, ისე წინა პერიოდში, რომ საქართველო არის მოწადინებული, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკასთან და, ზოგადად, პარტნიორებთან. მათ შორის იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ველოდებით, არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდება და გადაიტვირთება ეს ურთიერთობები. ჩვენ საქმით დავადასტურეთ, რომ არჩევანი, რომელიც გავაკეთეთ, გავამყარეთ საკონსტიტუციო ჩანაწერით. ყველაზე მეტი საქმე ჩვენ გავაკეთეთ ევროპასთან დაახლოების კუთხით, ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით. ბოლო პერიოდის პროგრესი აჩვენებს, რომ ჩვენ ამ გზის, ევროპასთან ინტეგრაციის ერთგული ვართ. ამაზე მეტყველებს ფაქტები.
ჩვენ მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს პროგრესს, რაც გამოიხატებოდა ბევრ წარმატებაში და საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მიღებით განისაზღვრა. ეს პროგრესი გაგრძელდება შემდეგშიც, შემდეგი წლების განმავლობაშიც. პროგრესის მიღწევა და პროგრესის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი საარჩევნო პროგრამის, დაპირებებისა და ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებების განხორციელების შედეგად, სხვანაირად არანაირად.
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა, ეკონომიკის განვითარება. მათ შორის, უახლოეს ხანებში საზოგადოება დაინახავს, რამდენად მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება ევროპასთან აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხითაც, რა დონის მაღალი კოორდინაცია ექნება სამთავრობო გუნდს, რათა შესრულდეს ის ვალდებულებები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციისთვის განახლებული აუცილებელი პირობაა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით. ეს პრინციპული რეფორმებია, რომლებზეც ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას და განვახორციელებთ. ასე რომ, ამ ნაწილში, მგონი, კითხვა არ იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებთან ურთიერთობები ცალსახად გაუმჯობესდება.
„ეს ურთიერთობები ცალსახად გაუმჯობესდება, რადგან საარჩევნო პროცესი ყველა ქვეყანაში და ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არის არაორდინალური. ეს არ არის ჩვეულებრივი ვითარება. დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს საქართველოს ხალხის მანდატი, განახორციელოს რეფორმები და მივიღოთ ის პრინციპული გადაწყვეტილებები, რომლებსაც მოსახლეობას შევპირდით. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ პარტნიორი ქვეყნები ამასაც აღიქვამენ ადეკვატურად და მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობასა და ურთიერთობებში. საუბარია როგორც აშშ-ზე, ისე ევროპაზე და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაზე, რომლებთანაც ურთიერთობების კარგი დინამიკა გვაქვს.
ევროინტეგრაციის პროცესი არ არის შეჩერებული, ევროინტეგრაციის პროცესი არის ძალიან ხანგრძლივი. ევროინტეგრაციის პროცესი შედგება მთელი რიგი ვალდებულებებისგან, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. სხვა შემთხვევაში, არც წევრობაზეა საუბარი და არც წევრობისკენ იქნება ნაბიჯები გადადგმული. ამიტომ ეს ბევრი რეფორმა ჩვენი მხრიდან აქტიურად შესრულდება. გარწმუნებთ, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება. ჩვენი მკაფიო, მყარი ხედვაა, რომ საქართველო ამ კუთხით გააგრძელებს სვლას, ასევე საქართველოს მთავრობის განწყობა და მზადყოფნაა, რეფორმებში ვიყოთ აქტიური. გვესმის, რომ, გარკვეულწილად, არის არაორდინალური ვითარება, ეს პროცესი, საარჩევნო პროცესი დასრულდა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მანდატი, ემოციები გადაიდება გვერდზე. ახლა საუბარია ორივე მხრიდან პრაგმატულ პოლიტიკასა და თანამშრომლობაზე, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.