ლევან დავითაშვილი - ევროკომისრებთან შეხვედრებისას განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროკომისრებთან გამართული მაღალი რანგის შეხვედრები შეაფასა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ევროკომისრებთან შეხვედრებისას განხილული იყო ეკონომიკის ყველა სექტორული მიმართულება და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი, ასევე, პროგრესი იმ მიმართულებებში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს და მის ინტეგრაციას უწყობს ხელს.
„შეხვედრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რომელთა შესრულება საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს. კომისრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამუშაო პროცესის, ასევე, იმ პოლიტიკური რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ წამოიწყო და ძალიან მოკლე ხანში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების შემდეგ, მომავალ წელს, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსი დადასტურდება, ვინაიდან ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რაზეც დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი განხილვები ევროკომისიის წევრებთან“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკომისრებთან შეხვედრებისას ასევე განხილული იყო ევროკავშირთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა, რაც პრიორიტეტულია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.
„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირისთვის საქართველოს ინტეგრაციის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხელის შემწყობი ფაქტორია. ამაზე ღიად საუბრობენ ევროკომისრები და ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის ფლაგმანი პროექტები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს – ეს არის ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის სფეროში, სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროკავშირთან და ხელს შეუწყობს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა ევროკომისრებთან ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ბიუჯეტის, ადმინისტრაციისა და ვაჭრობის საკითხებში, და მათთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.