ლევან დავითაშვილი - ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა, ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს
ევროინტეგრაციის პროცესის მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა, ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მაქვს ყოველდღიური ინფორმაცია DCFTA-ს (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება) ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მუშაობს თითოეული გადაწყვეტილება, რომლებსაც სამინისტროები იღებენ, ანუ თითოეული ახალი პოლიტიკის დოკუმენტი და ინიციატივა სრულად თანხვედრაშია და მიჰყვება ჩვენს სამოქმედო გეგმას DCFTA-სთან დაკავშირებით. საქართველო ახდენს აპროქსიმაციას თავისი კანონმდებლობის, საქართველო ახდენს დაახლოებას თავისი პოლიტიკის ევროკავშირთან. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ევროინტეგრაციის პროცესი გულისხმობს, რომ ქვეყანა თავისი პოლიტიკით და ინსტიტუციური შესაძლებლობებით შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის ინსტიტუციურ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან და ამ მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა. მისივე თქმით, ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს.
„ევროინტეგრაციის პროცესი არის კომპლექსური პროცესი, რომელიც თავის თავში მოიცავს ბევრ მიმართულებას. ჩვენ პროცესს მივყვებით ჩვენი მხრიდან. ევროკავშირიდან ჩვენი პარტნიორები როდესაც საუბრობენ, რომ შეჩერებული გვაქვს პროცესი, საუბარია იმაზე, რომ მათი მხრიდან გარკვეული პროცესები, შეიძლება, დღესდღეობით არის ან შეჩერებული ან გადახედვის რეჟიმში. იმედი მაქვს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, როგორც არაერთხელ გვიჩვენებია საზოგადოებისთვის, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი მწყობრი ნაბიჯებით, იმით, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი ინტეგრაციის პროცესის, დავარწმუნებთ პარტნიორებს, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობას იმსახურებს და ეს პროცესი დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რა კალაპოტშიც მიმდინარეობდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.