ლევან დავითაშვილი - დენდროლოგიური პარკი არ ეწყობა ბუნების დაზიანების ხარჯზე, ის იქნება საზოგადოების საკუთრება
ლევან დავითაშვილი - დენდროლოგიური პარკი არ ეწყობა ბუნების დაზიანების ხარჯზე, ის იქნება საზოგადოების საკუთრება

დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური მემკვიდრეობა, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი მნიშვნელობა,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

დავითაშვილს კითხვით მიმართა დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ – „შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს, რომელსაც ექნება დიდი მნიშვნელობა, როგორც ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი, სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებით. როდესაც ხეები გადააქვთ, ნიადაგების დაცვის შესახებ კანონის თანახმად, იმ ადგილზე უნდა მოხდეს ტერიტორიის აღდგენა, რა პროცესი მიდის ახლა და როგორ სრულდება ეს ვალდებულება“.

როგორც კითხვაზე პასუხისას დავითაშვილმა აღნიშნა, დენდროლოგიური პარკის სწრაფად შექმნა სწორედ ანალოგიური მეთოდით ხდება.

„დენდროლოგიური პარკი იქნება საზოგადოების საკუთრება, პარკი არ ეწყობა ბუნებისა და გარემოს დაზიანების ხარჯზე. არსებობს სპეციალური ნებართვები, რომლებსაც გასცემენ მუნიციპალიტებები. ხშირ შემთხვევაში, ეს არის კერძო საკუთრებიდან გაცემული მცენარეები და რეკულტივაცია უნდა მოახდინონ ინდივიდუალურმა მესაკუთრეებმა. ხდება სპეციალურად გზების გაყვანა და მოწესრიგება, რათა სწორად მოხდეს ტრანსპორტირება. სადაც რეკულტივაციაა გასაკეთებელი, არსებობს ვადები, ზოგ შემთხვევაში ორ წლიანი. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ეს აქვს კონტროლზე აყვანილი, რომ ადეკვატურად მოხდეს რეკულტივაცია, რათა ამ მნიშვნელოვან, სამამულო პროექტს კითხვა არ დაესვას და ჩრდილი არ მიადგეს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.