ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა გაზრდილია და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებს სხვა ქვეყნებში ასრულებდნენ, შეგვიძლია, საქართველოშიც შევთავაზოთ მუშაობა
ლევან დავითაშვილი - სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა გაზრდილია და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებს სხვა ქვეყნებში ასრულებდნენ, შეგვიძლია, საქართველოშიც შევთავაზოთ მუშაობა

სოფლის მეურნეობაში ახალ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ ახლა განსაკუთრებით აქტუალურია კახეთი.

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ზოგადად მობილობა შემცირებულია, მათ შორის საერთაშორისო მობილობა შეზღუდულია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ორგანიზებულად, სამუშაო ჯგუფის მიერ ხდება სამუშაო ძალის გადანაწილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმგვარად, რომ სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს. დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობაში მოთხოვნა ახალ სამუშაო ძალაზე მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი. ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი ახდენს ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას, განსაკუთრებით ახლა აქტუალურია კახეთის რეგიონი, სადაც არის სეზონური დასაქმების საშუალებები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, სხვადასხვა ხილის მოსავლის დაბინავება  ინტენსიურად და წარმატებით მიმდინარეობს.

„პირველ რიგში ატმის კულტურას ეხებოდა ეს, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 2000-მდე ადამიანი არის დასაქმებული. გვესმის, რომ ძალიან დიდი სურვილი იყო აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ჩვენს მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში. ჩვენ ორგანიზებულად, აჭარის ადგილობრივ მთავრობასთან და კახეთში მუნიციპალიტეტებთან ერთად,  მოვახერხეთ სამუშაო ძალის კახეთში მობილიზება, თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. გვესმის, რომ შიდა დასაქმების ახალი პერსპექტივები ჩნდება ფაქტობრივად ყველა კუთხეში. ჩვენ გვექნება ძალიან ინტენსიური მოსავლის აღების, დაბინავების სეზონი კახეთში, რომელიც უკავშირდება ყურძნის მოსავალს, რთველს“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, შემდეგ სამუშაო ძალის საჭიროება იქნება შიდა ქართლში.

„ჩვენი მოლოდინით თხილის კულტურაშიც მოსავლის წარმატებული დაბინავება გვექნება. სეზონური დასაქმება, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩვენს მოსახლეობაში მეზობელ ქვეყნებში, ჩვენ შეიძლება, მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით. ვფიქრობთ, ეს ერთ რამეზე მეტყველებს – სოფლის მეურნეობაში მიმდინარე, ბოლო წლების ტენდენციები არის საკმაოდ დადებითი,  დავინახეთ საკმაოდ გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო აქტივობა ყველა მიმართულებით, ფაქტობრივად ყველა კუთხეში,  ძირითად, პერსპექტიულ დარგებში განსაკუთრებით. აღნიშნული იძლევა საშუალებას, მეტი ადამიანი დასაქმდეს, რომელიც მიიღებს მეტ ანაზღაურებას, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, პროცესების ორგანიზებულად მართვის, რეგიონებსა და უწყებებს შორის კოორდინაციით, შესაძლოა,  მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა და მოსახლეობისთვის მდგომარეობის გარკვეულწილად შემსუბუქება.