ლევან დავითაშვილი - ჩინეთში ვიზიტზე ბევრი სპეკულაცია იყო, არ არის სიურპრიზი, როცა ანგაჟირებული ოპოზიცია ცდილობს თითიდან გამოწოვილი თემებით სპეკულირებას
ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და სპეკულაცია იყო, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენთვის არ არის სიურპრიზი, როდესაც ანგაჟირებული ოპოზიცია ცდილობს თითიდან გამოწოვილი თემებით სპეკულირებას, რაღაც სკანდალის მაგვარის ჩვენებას და შემდეგ საზოგადოებისთვის ამის გაზიარებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაციები ჩინეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ინიციატივის საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობს მისი დაარსების დღიდან.
„ფაქტობრივად ყოველ წელს საქართველო იყო ამ ფორუმის მონაწილე და საქართველოს დელეგაციები წარმოდგენილი იყო მაღალი თანამდებობის პირების მიერ. ეს არ იყო რაიმე სიურპრიზი. ამ ფორუმში საქართველოსთან ერთად ყოველთვის მონაწილეობდა სხვა ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერები და ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები. მიმდინარე წელსაც ფორუმი გაიმართა იმავე ფორმატში, იმავე რეალობაში და ეს არის რუტინა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დაკავშირებადობის და ეკონომიკური საკითხები, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ფორუმში მივიღეთ მონაწილეობა. წელს ერთი გამონაკლისი და მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რვა წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონდა ჩინეთთან ეკონომიკური მთავრობათშორისი კომისია. მიმდინარე წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, თანამშრომლობის შესახებ გამოცხადდა გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღეთ პირველად ეკონომიკურ კომისიაში მონაწილეობა, რომელიც ჩატარდა პეკინში. ჩვენი პარტნიორი იყო ჩინეთის მთავრობა და, ძირითადად, ვაჭრობის სამინისტრო. განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები რვა წლის შემდეგ პირველად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის და, ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. იცით, რომ ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ვახშამი, რომელზეც ქართული დელეგაცია იყო მიწვეული, პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ იყო ორგანიზებული.
„ფორუმი გაიმართა ზუსტად კომისიის პარალელურად. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ფორუმშიც და საქართველო, როგორც წელს, ისე წინა წლებშიც იყო ამ ფორუმის მონაწილე. წელსაც გვქონდა მოწვევა და მეც ვმონაწილეობდი ჩვენს დელეგაციასთან ერთად. ვფიქრობ, აქ გასაკვირი არაფერია. მინდა, გითხრათ, რომ ამ ფორუმში 150-მდე ქვეყნის მონაწილე იყო. ფორუმს ესწრებოდა, მათ შორის, გაერო-ს გენერალური მდივანი, ასევე ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერი. ვფიქრობ, რომ ამ ფორუმში მონაწილეობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ მონტაჟირებული და ხელოვნურად შექმნილი კადრებითა თუ ინფორმაციით, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან იმ ფორმატში მონაწილეობა, რა ფორმატშიც იყო საქართველო წინა წლებში წარმოდგენილი. პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით მიწვეული პრეზიდენტ სი ძინ პინის მოწვევით. პრეზიდენტ სი ძინ პინის მოწვევა იყო პირადად დელეგაციების წარმომადგენლების და ხელმძღვანელების მიმართ. ჩვენთვის, როდესაც მასპინძელი მხარე გიწვევს, ეს არის დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი, რომ ჩვენ ვიღებთ ამ მოწვევას, როდესაც მონაწილეები ვართ თვითონ ამ ფორუმის“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, არანაირი დახურული მოლაპარაკება ჩინეთში ვიზიტის დროს არ გამართულა.
„ჩვენ დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა ჩინეთის პრეზიდენტმა. ჩვენთვის მონაწილეთა განლაგება, მონაწილეთა შესახებ ამ დროს არ იყო ცნობილი. თუმცა, ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ არანაირი მოლაპარაკება, დიალოგი, შეხვედრა ამ შემთხვევაში არ გვქონდა და ეს არის ცრუ ინფორმაცია და სპეკულაციები. ასევე, სახელმწიფოს მეთაურების განლაგება და დელეგაციის სხვა წევრების, მათ შორის, მინისტრების განლაგება იყო გამიჯნული და ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ერთ კონტექსტში და ერთიანი სურათის ჩამოყალიბება არის ზუსტად მონტაჟი. ჩვენ ვმონაწილეობდით იმ პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური ეტიკეტი, პროტოკოლის დაცვა. განსხვავებით რიგითი მოქალაქეებისგან, სახელმწიფო თანამდებობის პირებს აქვთ სხვა პასუხისმგებლობები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა შევასრულოთ ბოლომდე, სწორად, სამართლიანად ჩვენი ხალხის მიმართ. ინტერპრეტაციები და სპეკულაციებია, რომ ჩვენ შეიძლება, რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა ან სხვა ტიპის დიალოგი, სხვა ტიპის მოცემულობა გვქონდეს. ჩვენ ვიცავდით ზუსტად დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაქვს ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ, ასევე ჩვენ არ გვაქვს რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა, დამატებითი შეხვედრები, კარს მიღმა დიალოგი და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.