ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
დავითაშვილის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, მესამე, ტრანზიტული ქვეყნების გავლის გარეშე, საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირება საქართველოს ინიციატივაა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტი ევროკავშირის მხრიდან უკვე მხარდაჭერილია.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავად გააკეთა განცხადება, რომ მათ აინტერესებთ საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღება, თუმცა ეს პროექტი საქართველოს მხრიდან ინიცირებული იყო ბევრად უფრო ადრე. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, მესამე, ტრანზიტული ქვეყნების გავლის გარეშე, საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირება სწორედ საქართველოს ინიციატივაა. პროექტმა საკმაოდ დიდი მოწონება და მხარდაჭერა ჰპოვა, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან უკვე მხარდაჭერილია. რა თქმა უნდა, პროექტი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის და ერთი ქვეყნის. ეს არის პროექტი, რომელსაც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. ამ პროექტში უკვე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებიც ჩაერთნენ. ასეთი ქვეყანაა აზერბაიჯანი, რომელთანაც ენერგეტიკულ სფეროში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ვახდენთ აზერბაიჯანის ნახშირწყალბადების მიწოდებას საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით. ეს არის ათწლეულების წინ დაწყებული პროექტები, რომლებიც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას დღეს ნამდვილად ეხმარება. აზერბაიჯანი თავად გეგმავს, რომ აქცენტები განახლებადი ენერგიის წყაროებზე ექნება. მათ შორის ძირითადად ეს არის ქარის ენერგიაზე. მათი დაინტერესებაა, არა მხოლოდ თავიანთი ეკონომიკისთვის აწარმოონ, არამედ ევროკავშირშიც გაიტანონ ექსპორტზე. მათ შორის მაშინ, როდესაც არსებობს რეალური პერსპექტიული ტექნიკური გადაწყვეტა, რომ საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირი წვდომა ჰქონდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, პროექტის განვითარებისთვის და განხორციელებისთვის საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა.
„ერთი მხრივ, მზად არის აზერბაიჯანი, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, მზად იყვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რათა მთლიანად ევროკავშირის კონკრეტული მხარდაჭერა იყოს. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე ორი წევრი ქვეყანა იყოს პროექტში ჩართული და ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დიალოგი რუმინელებთანაც. ამ შემთხვევაში, უნგრეთის ხელისუფლების უმაღლესი პირის მიერ იქნა პირდაპირ დადასტურება, რომ ეს მათაც სტრატეგიულ პროექტად მიაჩნიათ და მათ სტრატეგიულ-ეკონომიკურ ინტერესებში შედის. ოთხმხრივი თანამშრომლობა დღეს სახეზე გვაქვს. ამის ფორმალიზებაა საჭირო და ალბათ უახლოეს დღეებში, ალბათ რუმინეთში მოხდება. საქართველოს, რუმინეთს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდება შეთანხმება, რომ ამ პროექტის განხორციელება ოთხმა ქვეყანამ ერთობლივად მოახერხოს, რადგან ეს არის რამდენიმემილიარდიანი ინვესტიცია, მაგრამ რეალურად, საქართველოს უშუალოდ ევროკავშირის ენერგოსტრუქტურებში ჩართვის საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ევროპისთვის უნდა იყოს საინტერესო პარტნიორი ქვეყანა.
„ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვიყოთ ბენეფიციარი იმ სიკეთეების, რაზეც ევროპაში წევრობას მოაქვს, არამედ ჩვენ უშუალოდ შეგვიძლია, ბევრი რამ შევთავაზოთ ევროპას, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. მათ შორის საქართველო უკვე აჩვენებს, რომ არის საიმედო ალტერნატივა სხვადასხვა ტვირთვის მიწოდების, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში ენერგორესურსების მიწოდების და ა.შ. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ მაღალ დონეზე იყოს თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანას შორის. საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ეკონომიკის მიმართულებით, ასევე ენერგეტიკის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრებთანაც თანამშრომლობის გეგმებზე. ამ შემთხვევაში ვიქნებით ეფექტიანები და შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას და ევროპა ამ ყველაფრით დაინტერესებულია. ევროპა დაინტერესებულია აზერბაიჯანის ენერგორესურსებით. ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია და ურთიერთგაგება, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ენერგორესურსების ევროპაში ისე მიწოდება, რომ საქართველოს ინტერესებიც მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და ეს ალტერნატიული არხი იყოს კონკურენტუნარიანი. ამის წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებას საქართველოსა და აზერბაიჯანს უკვე გააჩნიათ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.