ლევან დადუნაშვილის მამა - ვიღაც-ვიღაცები სახლში შეკეტილები ისმენენ ჩვენს ემოციებს და არ გამოყავთ შვილები, რომ ჩვენება მისცენ [ვიდეო]
ვიღაც-ვიღაცები ტელევიზიით, სახლში შეკეტილები ისმენენ ჩვენს ემოციებს. არ გამოყავთ თავისი შვილები, რომ ჩვენება მისცენ და სწორი გამოძიება წარიმართოს, – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ, დავით დადუნაშვილმა, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ზაზა სარალიძეს მიმართა.
„მე ლევანის მამა ვარ, ყველას დიდ მადლობას გეტყვით თანადგომისთვის, ყველას, ჩემ ზაზას ოჯახის და ჩემი ოჯახის ტრაგედიის გაზიარებისთვის. მე ამ საღამოს ვუსმენდი ტელევიზიით, აქ რაც ხდებოდა, მაგრამ აღმაშფოთა ერთმა ფაქტმა – მე არასდროს გამოვჩენილვარ არც კამერებთან და არც მიტინგზე, აღმაშფოთა ერთმა ფაქტმა, ორი-სამი საათის უკან აქ გამოვიდა ტიპი, რომელმაც ჩემი შვილის ნათლიად გაასაღა თავი. ეს არ შეიძლება. ეს არ უნდა ხდებოდეს, თუ თანადგომაა, თანადგომა იყოს, ავანტურებს და ავანტურისტებს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა ლევან დადუნაშვილის მამამ.
როგორც ლევან დადუნაშვილის მამამ აღნიშნა, მიმართავს მშობლებს, გამოიყვანონ თავისი შვილები და მისცენ გამოძიებას სწორი ჩვენება.
„ჩემი სათქმელი ესაა, მე ზაზას თანადგომას ვუცხადებ, ზაზას გვერდში ვარ. ჩემი და ზაზას ტრაგედია ერთია, საქართველოს ტკივილია, მაგრამ დავიღალეთ. გამოძიება არ სრულდება ბევრი გარემოებების გამო. კერძოდ, ვიღაც-ვიღაცები ტელევიზიით, სახლში შეკეტილები ისმენენ ჩვენს ემოციებს.
არ გამოყავთ თავისი შვილები, რომ ჩვენება მისცენ და სწორი გამოძიება წარიმართოს. მე შენ გვერდში ვარ, მთავრობა ჩვენ გვერდშია, დავდგეთ ერთად და გამოვიძიოთ. მივცეთ შანსი, სადაც გინდა, პრეზიდენტი გაწყობს, პრეზიდენთან შევიდეთ, პარლამენტის თავმჯდომარე, იქ შევიდეთ, პრემიერი, იქ შევიდეთ. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ამ კანონებით ვცხოვრობ, რევოლუცია არ მინდა. მე მინდა, ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს, სამართლით მეც არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ დღეს ეს არის გამოსავალი. სიმართლე უნდა გაირკვეს, თუ ამის შემდეგ კითხვები დარჩება, მე შენს გვერდით ვიქნები. მე არა და ხო არ მაინტერესებს. მე ვამბობ ჩემს პოზიციას, რომელიც მინდა, დავაფიქსირო და რომელიც მინდა, გამოვთქვა წრფელი გულით. მე არ ვარ გამოძიებით ბოლომდე კმაყოფილი.
ამიტომ, თუ კითხვები იქნება, უნდა გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელშიც ვცხოვრობთ. მე ბოლომდე ვენდობოდი გამოძიებას. მე შენს გვერდში ვარ, მაგრამ სადაც გინდა, როგორც გინდა. მე დიდი მადლობას გეტყვით თანადგომისთვის ყველას, მთელი საქართველოს ოჯახებს. ჩემი ლევანი ასე ამბობდა, მთელმა საქართველომ მინდა გამიცნოსო და ზუსტად, რომ გაიცნო. მე ამ ერთხელ გამოვედი და შეიძლება მეტი აღარ გამოვიდე. ის რაც მოხდა, ჩემთვის არ არის მისაღები, გამოვიდა კაცი, რომელმაც ბუნებაში არ იცოდა, ვინ იყო ჩემი შვილი. ამბობს, რომ ნათლიაა, ეს არ უნდა იკადროს არც ერთმა ქართველმა“, – განაცხადა მან.
მას შემდეგ, რაც ლევან დადუნაშვილის მამამ გამოსვლა დაასრულა, ზაზა სარალიძემ წარმოთქვა – „სუსი“.