ლევან ცუცქირიძე - მას შემდეგ, რაც შევცვლით ხელისუფლებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება რუსული კანონის და სხვა მასთან დაკავშირებული რუსული კანონმდებლობის გაუქმება
მას შემდეგ, რაც შევცვლით ხელისუფლებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება ქვეყანაში რუსული კანონის და სხვა მასთან დაკავშირებული რუსული კანონმდებლობის გაუქმება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული სიტყვის მუდმივი დამცველები იქნებიან საქართველოს პარლამენტში.
„სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას. ამას უკვე საჯარო განცხადებებშიც აღარ მალავენ და საზოგადოებას სთხოვენ მანდატს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად. ამის ნაწილია რუსული კანონის განხორციელებისთვის დაუღალავი შრომა. სამწუხაროდ, ასევე ვნახეთ, რომ მათ დანიშნეს ადამიანები, რომლებმაც უნდა აღასრულონ კანონი. ჩემთვის პირადად გაუგებარიც არის, ახალგაზრდა ადამიანმა რატომ უნდა იტვირთო ეს როლი ქვეყანაში, მაგრამ რას ვიზამთ. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობდეს, ქვეყანა დაუახლოოს ევროკავშირს, ქვეყანაში გააღრმაოს და განავითაროს დემოკრატია, რაც იყო მათი დიდი დაპირება, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ, ახლა ცდილობენ, რუსული კანონებით მოკლან დემოკრატია საქართველოში, გაანადგურონ თავისუფალი სიტყვა და გააუქმონ სამოქალაქო საზოგადოება.
მინდა, ვთქვა, რომ ამ კანონს დიდი ხანი არ უწერია ცხოვრება. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, იქნება ამ რუსული კანონის და სხვა მასთან დაკავშირებული რუსული კანონმდებლობის გაუქმება ქვეყანაში.
აქვე, მინდა, ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ჩემი დიდი პატივისცემა მათ იმ მძიმე შრომისა და ბრძოლისთვის, რომელსაც ეწევიან საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასაცავად. ჩვენ ვიქნებით სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული სიტყვის მუდმივი დამცველები საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.