ლევან ჩხეიძე - საქართველოს ბეტონის კედელი აქვს აღსამართი ისევე, როგორც ისრაელს აქვს იორდანიასა და პალესტინასთან
ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენივე მოსახლეობის ცხვრებივით მოტაცება და უნდა გაძლიერდეს სამხედრო კონტროლი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან ჩხეიძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„საქართველოს ბეტონის კედელი აქვს აღსამართი ისევე, როგორც ეს ისრაელს აქვს იორდანიასთან და პალესტინასთან. მეორე, ჩვენ უნდა დაველოდოთ, საერთაშორისო ასპარეზზე როდის დადგება შესაბამისი მომენტი და როცა ეს მომენტი დადგება, მეამბოხეები შეიარაღებული ძალების მეშვეობით უნდა ჩავახშოთ; უნდა შევიდეთ და ამბოხებულ ტერიტორიებზე წესრიგი იარაღით უნდა დავამყაროთ; ჩვენ ჩვენი ტერიტორიები ომით დავკარგეთ და ნურავის აქვს იმის ილუზია, რომ დამოუკიდებლობას, რომელიც აფხაზებმა და ოსებმა ბრძოლით მოიპოვეს, ფოჩიანი კანფეტებისთვის დათმობენ“, – განაცხადა ჩხეიძემ.
ამ განცხადებით ლევან ჩხეიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რადგან კონსტიტუციაში ჩანაწერით პრეზიდენტი ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტია, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, როგორ ესახება ამ ფუნქციის შესრულება იმ პირობებში, როცა არსებობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამოწვევა.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, ჩვენი სახელმწიფოს ნომერ პირველი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაგრამ დღეს საქართველოს ეს არ შეუძლია და იმისათვის, რომ სახელმწიფომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, დემოკრატია და ეკონომიკა უნდა განავითაროს.
„შეუძლებელია, ეს ერთმა ან ორმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ გააკეთოს. ეს საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარების პროცესებშია ჩართული“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.