ლევან ბეჟაშვილი - სუს-ის განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, სუს-მა საზოგადოებას ჯერ იმ გამოძიების შედეგები მოახსენოს, 2014 წლიდან ყველა არჩევნებზე გადატრიალების მუხლით რომ დაიწყო
ლევან ბეჟაშვილი - სუს-ის განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, სუს-მა საზოგადოებას ჯერ იმ გამოძიების შედეგები მოახსენოს, 2014 წლიდან ყველა არჩევნებზე გადატრიალების მუხლით რომ დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასერიოზულია.

ბეჟაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანია არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება.

„სუს-მა საზოგადოებას ჯერ იმ გამოძიების შედეგები მოახსენოს, 2014 წლიდან ყველა არჩევნებზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით რომ დაიწყო, როცა რევოლუციისთვის გამოსაყენებლად საბურავებს ეძებდნენ. ეს მორიგი ბრიფინგი მართლა სასაცილოა. გვყავს ხელისუფლება, რომელიც თანამდებობებს ჩაბღაუჭებულია და მათი მიზანია არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება. ეს განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რადგან არც საფუძველი აქვს და არც ძალა. მათი ერთადერთი მიზანია, თავი დაიზღვიონ სტატუსთან მიმართებით და საკუთარი პარანოია-შიშით მოქმედებენ. საზოგადოება ხელისუფლებას სამართლიანად მოსთხოვს პასუხს სტატუსის მიღების ჩაგდებულ პროცესზე“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.