ლევან ბეჟაშვილი - სუს-ის განცხადება არასერიოზულია, იყო ახალგაზრდებზე ძალადობა, პოლიტიკურ ლიდერებს სახლში უვარდებიან და სამართალდამცავი ორგანოები ისევ რაღაც საფრთხეებზე საუბრობენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება არასერიოზულია.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირი მოვალეობაა, დაიცვან მოქალაქეები „ქართული ოცნების“ ზონდერებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგი არასერიოზული განცხადება ვნახეთ. როდესაც თბილისის ქუჩებში დაუდგენელი პირები, ბანდები დათარეშობდნენ და მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს სცემდნენ, ძალადობდნენ მათზე, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკურ ლიდერებზე ძალადობენ, სახლში უვარდებიან, დღეს კონკრეტული მაგალითი გავრცელდა, სამართალდამცავი ორგანოები ისევ რაღაც საფრთხეებზე საუბრობენ. მათი პირდაპირი მოვალეობაა, დაიცვან საქართველოს მოქალაქეები იმ კრიმინალური ბანდებისგან, „ქართული ოცნების“ ზონდერებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. გავიხსენოთ სატელეფონო ტერორის ბოლიდროინდელი მივლენები და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, პარლამენტთან მოაწყონ პროვოკაციები, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებით, დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი“.