ლევან ბეჟაშვილი - სჯობს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავის საქმეს მიხედოს, არ დაუშვას დანაშაული, რომელიც ჩაიდინა, სააკაშვილის თანხმობის გარეშე კადრები მეორედ გამოქვეყნდა
ლევან ბეჟაშვილი - სჯობს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავის საქმეს მიხედოს, არ დაუშვას დანაშაული, რომელიც ჩაიდინა, სააკაშვილის თანხმობის გარეშე კადრები მეორედ გამოქვეყნდა

სჯობს, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავის საქმეს მიხედოს და არ დაუშვას სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა – მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე უკვე მეორედ კადრები გამოქვეყნდა. მას პასუხების გაცემა სწორედ ამაზე უნდა უწევდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას პენიტენციური სამსახურის მიერ 14 დეკემბერს გამოქვეყნებული კადრები გაიხსენა.

ბეჟაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის.

„პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მანიპულირება ხდება, რადგან „ემპათიის“ ნაწილი და შეფასება ცალკეა. ცალკეა ასევე ანალიზები, ლაბორატორიული დასკვნები დამოუკიდებელი ამერიკელი ექსპერტების მიერ. ცხადია, ეს დასკვნა სასამართლოს წარედგინება, რომელიც მტკიცებულებებს შეაფასებს და არა – პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება ანალიზებზე უარის თქმას, ბეჟაშვილის თქმით, „მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა სისტემას, რომელიც მას დანაშაულებრივად ექცევა“.

„სააკაშვილი ნებას დართავს, ანალიზები აუღონ მაშინ, როცა იქნება ნდობა იმ ორგანოების მიმართ, რომელთაც ეს დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოონ,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.