ლევან ბეჟაშვილი - საუბარი 2024 წლის არჩევნებზე სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით არარელევანტური მგონია, მაგრამ მის ლიდერობას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს
პარტიაში სააკაშვილის ლიდერობას, პოზიციას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, 2024 წლის არჩევნების თემა ახლა რომ განვიხილოთ, ამის რეალობა ჯერ არ არის, პარტიას სხვა ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ამზადებს.
„არარელევანტური მგონია, მაგრამ თავისთავად ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობას და პოზიციას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, მგონი, აქ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. იმავდროულად, ჩემი პირადი აზრია, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო ფართოდ უნდა ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში და ეს მოცემულობაც გასათვალისწინებელი უნდა იყოს პარტიულ საქმიანობაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, რამდენად რეალურია ეს იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი ამბობდა და ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება არ სურს, ბეჟაშვილმა განაცხადა:
„ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ახლა კონსულტაციები არ მიმდინარეობს, მაგრამ 2024 წლის არჩევნების თემა ახლა რომ განვიხილოთ, ამის რეალობა ჯერ არ არის. ახლა პარტიას სხვა ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ენმ-ის ლიდერი, ეს არის უპირობო მოცემულობა. ის, რომ მიშა სააკაშვილი არის მთავარი ფაქტორი საერთოდ ქართული პოლიტიკის და საქართველოს ინტეგრაციის, მგონი, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება. ამ მოცემულობიდან რა მოვლენები განვითარდება, მომავალი გვაჩვენებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.