ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა სარჩელი, საკონსტიტუციო სარჩელს თუ არ მიიღებს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება
ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა სარჩელი, საკონსტიტუციო სარჩელს თუ არ მიიღებს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება

კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და საკონსტიტუციო სარჩელს თუ არ მიიღებს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება, არ გაატაროს რეგისტრაციაში 150-ვე დეპუტატობის კანდიდატი, ვინაიდან არჩევნების კონსტიტუციურობაზე სასამართლოში იქნება დავა.

„კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და მნიშვნელოვანია, რომ ვასაჩივრებთ მთლიანად არჩევნების კონსტიტუციურობას და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საქართველოს ასიათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება, არ გაატაროს რეგისტრაციაში 150-ვე დეპუტატობის კანდიდატი, ვინაიდან არჩევნების კონსტიტუციურობაზე სასამართლოში იქნება დავა. საკონსტიტუციო სასამართლო თუ არ მიიღებს ამ სარჩელს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდება და დადასტურდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად არ არსებობს ამ ქვეყანაში და ესეც კიდევ ერთი დამატებითი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.