ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, კონსტიტუციური ნორმების განხილვაში არ შევიდა 
ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, კონსტიტუციური ნორმების განხილვაში არ შევიდა 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და ჩვენ ვამბობდით, რომ ექვსი მოსამართლე ჰყავდათ, რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, კონსტიტუციური ნორმების განხილვაში არ შევიდა და ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ „კლანის“ წევრების მხრიდან იმართება და შანსი არ არის, რომ პრეზიდენტმა საგარეო მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგას.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ხმები არ აქვს, ისინი შეეცდებიან, პრეზიდენტის მანდატი საგარეო ურთიერთობებში შეზღუდოს. ყველა ოპოზიციონერს მოვუწოდებთ, კენჭისყრის პროცედურა დატოვონ, რათა მანიპულაციების საშუალება არ მიეცეს უმრავლესობას და ისინი ამ პოლიტიკურ ფარსში მარტო დავტოვოთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.