ლევან ბეჟაშვილი - საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს მოვუწოდებთ მაქსიმალური კოორდინაციისკენ, აქცია არის საშუალება და მექანიზმი, ვაიძულოთ, გააუქმონ თურნავას გადაწყვეტილება
„ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, შეიკრიბოს ეროვნული ბანკის საბჭო და გააუქმოს ნათია თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არის ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი.
„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო უკანონობის გამომხატველია და ეს რეგულაცია თავის მასშტაბით უტოლდება რუსული აგენტების შესახებ კანონის ამოქმედებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს და სახელმწიფო მიტაცებულია. ივანიშვილის „კლანის“ სასარგებლო ცვლილებების დაწესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საბანკო სისტემას, რასაც გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ამას მოჰყვება ფინანსური იზოლაცია, პრობლემა შეექმნება ქართულ ბანკებს, საერთაშორისო გადარიცხვებს, მოქალაქეთა ანაბრებს, პენსიას და სახელფასო სისტემებს. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, შეიკრიბოს ეროვნული ბანკის საბჭო და გააუქმოს ნათია თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მივმართავთ საბჭოს წევრებს: არჩილ მესტვირიშვილს, პაპუნა ლეჟავას, ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძეს, რობერტ სინგლეტარს, ეკატერინე გალდავას, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, საჯაროდ დააფიქსირონ პოზიცია და მიიღონ გადაწყვეტილება თურნავას ბრძანების გაუქმების შესახებ. საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს მოვუწოდებთ მაქსიმალური კოორდინაციისკენ, კონსულტაციებისკენ, რათა ხალხთან ერთად შევძლოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვა, ჩვენ დღეს რეალურად სახელმწიფოს გვართმევენ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ თურნავას გადაწყვეტილების გაუქმება არის მექანიზმი, როგორც არის შესაძლებელი საზოგადოებრივი ზეწოლითა და ძალისხმევით უკან დაიხიოს „ქართულმა ოცნებამ“.
„მექანიზმამდე მისასვლელი გზა არის სხვადასხვა, ესაა საზოგადოების კონსოლიდაცია, გააზრება, რა საფრთხის ქვეშ არის ქვეყანა, რადგან საბანკო სისტემა არის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საყრდენი და თუ ეს მოიშალა, საერთაშორისო ფინანსურ იზოლაციაში აღმოჩნდა საბანკო სექტორი და ქვეყანა, ეს აისახება თითოეულ მოქალაქეზე, უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ვაიძულოთ გადაწყვეტილების გაუქმება. აქცია არის საშუალება და მექანიზმი, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, ეს გადაწყვეტილება გააუქმონ, როგორც ვაიძულეთ რუსული აგენტების შესახებ კანონის გაუქმება, ეს გადაწყვეტილება თავის შინაარსით არის იმავე რუსული აგენტების შესახებ კანონმდებლობა, რადგან ოთარ ფარცხალაძეს და რუს-ქართველ ოლიგარქებს შეუქმნეს სასათბურე პირობები, რომ თავი შეაფარონ საერთაშორისო სანქციებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ეროვნულ ბანკში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.