ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნება“ ცალკეული პარტიების სასარგებლო გადაწყვეტილებებით ცდილობს, ისინი პარლამენტში შეიყვანოს და ამით შექმნას პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების ილუზია
ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე და კომპლექსურად გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რომელიც პოლიტიკურ გარემოს გააუმჯობესებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კომენტირებისას განაცხადა.
„ზოგადად, გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, მხარს დაუჭერს საშუალო და მცირე პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევას. თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ საარჩევნო ცვლილებების საკითხი განხილულ იყოს ერთიან პაკეტში და ეს უკავშირდებოდეს ვადამდელი არჩევნების თარიღის განსაზღვრას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს კრიზისი უნდა გადაწყდეს მთლიანობაში და არა პორცია-პორციაობით. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე და კომპლექსურად გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რომელიც პოლიტიკურ გარემოს გააუმჯობესებს. ყველა ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, თავი აარიდოს მოლაპარაკებების მთავარ თემას და ცალკეული პოლიტიკური პარტიების სასარგებლო გადაწყვეტილებებით, ისინი პარლამენტში შეიყვანოს და ამით თითქოსდა შექმნას ილუზია პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა. ყველა კარგად ვხვდებით, რა არის მთავარი ღირებულება ამ მოლაპარაკების მაგიდაზე. ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ კომპლექსური საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ, ბარიერის დაწევაზეც ვიმჯელოთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდება, როდესაც ფიქრობს, ამა თუ იმ პარტიას რა ესიამოვნება.
„დღეს ამ ქვეყანაში მთავარი კრიზისი გამოწვეულია იქიდან, რომ ხალხი არ არის კმაყოფილი არჩევნების შედეგებით. ამიტომ, რაც სჭირდება ხალხს, ის უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას და არა ამა თუ იმ პატარა პოლიტიკურ პარტიას რა სჭირდება. ჩვენ ვითხოვთ საკითხის კომპლექსურ გადაწყვეტას. სხვა შემთხვევაში, ვერც პარლამენტში შევალთ, ვერც ამ გადაწყვეტილების განხილვაში მივიღებთ მონაწილეობას“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირება იგეგმება. პარლამენტში აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე დარეგისტრირდა.