ლევან ბეჟაშვილი - პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს, ასეთი რიტორიკით უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას
პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს – თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს, ამ შემთხვევაში, ისინი კეთილ ნებას გამოიჩენენ და საარჩევნო ბარიერს 2 პროცენტამდე დასწევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„ეს არის აბსურდი, რადგან ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ევროკავშირს დამატებითი მოთხოვნები წავუყენოთ. ასეთი რიტორიკით და განცხადებებით კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში რუსული ნარატივის გაგრძელებას. აჩვენებენ, რომ მათთვის მთავარი კანდიდატის სტატუსის მიღება კი არ არის, არამედ რაც შეიძლება გამწვავდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ისევ ულტიმატუმის ენით აპირებენ ევროკავშირთან საუბარს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.