ლევან ბეჟაშვილი - პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მოლაპარაკების პროცესი საბოლოო მიზანია, მაგრამ მთავარია, რა საკითხები იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე
ლევან ბეჟაშვილი - პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მოლაპარაკების პროცესი საბოლოო მიზანია, მაგრამ მთავარია, რა საკითხები იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე

ერთადერთი ველი, სადაც საზოგადოებას უწევს თავისი პროტესტის გამოხატვა, ეს არის ქუჩა, ამიტომაც გრძელდება ეს აქციები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სათანადო რეაგირება არ ექნება.

„ბოლო საათების განმავლობაში ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად მართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, საელჩოებთან. ჩვენ მოლაპარაკებას ვერ მოვახდენთ ხელისუფლებასთან და ეს შეთანხმების საგანი ვერ გახდება, იმდენად რამდენადაც მთავარი აქტორი ამ პროცესებში არის ხალხი და საზოგადოება, ხალხი თვლის თავს მოტყუებულად, მათი არჩევანი გაყალბებულია, წართმეულია საარჩევნო უფლება, ამიტომ ამ პროტესტის მთავარი აქტორი არის ქართველი ხალხი. ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ბერკეტები, მათ შორისაა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები, სასამართლოებში სარჩელების განხილვა, სადაც არანაირი ინდიკაცია არ არის, რომ ხელისუფლება ობიექტურად და სამართლიანად აპირებს ამ საჩივრების განხილვას. ერთადერთი ველი, სადაც ადამიანებს, საზოგადოებას უწევს თავისი პროტესტის გამოხატვა, ეს არის ქუჩა, ამიტომაც გრძელდება ეს აქციები და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენ არ მივიღებთ ობიექტურ, სამართლიან ინდიკაციას ხელისუფლებისგან, რომ ისინი ადეკვატურად რეაგირებენ იმ პრობლემებზე, რაც არჩევნების გაყალბებას უკავშირდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, როგორც ბეჟაშვილი ამბობს, მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მოლაპარაკების პროცესი საბოლოო მიზანია, მაგრამ მთავარია, რა საკითხები იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე, რაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რადგან ხედავთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები, ცენტრალური საარჩევნო კომისია არაადეკვატურად რეაგირებს იმ სამართლიან საჩივრებზე, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტებს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვთ, ამიტომ ერთადერთი ველი სწორედ ქუჩა რჩება პროტესტისთვის. ისე, როგორც არასდროს, ერთიანია ახლა პოლიტიკური ოპოზიცია, ჩვენ ამ ერთიანობას ვინარჩუნებთ. საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია იყოს ერთიანი და ჩვენ ამ მოთხოვნებში, ამ ერთიანობას ჯერჯერობით ვინარჩუნებთ და იმედია შევინარჩუნებთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.