ლევან ბეჟაშვილი - პოლიტიკურ ჯგუფებს მოვუწოდებთ, დავხუროთ იმპიჩმენტის თემა და ნუ მივცემთ „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტის ინსტიტუტს პოლიტიკური დივიდენდების მოგროვების შესაძლებლობას
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ფიქციაა, რომელიც ვერასდროს განხორციელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული თემა იმ მიზნით შემოიტანა, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას და საზოგადოების ყურადღება მთავარი საკითხებიდან ფიქციაზე გადაიტანოს.
„ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მოვუწოდებთ, საერთოდ დავხუროთ ეს თემა და ნუ მივცემთ „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტის ინსტიტუტს ამ თემით პოლიტიკური დივიდენდების მოგროვების შესაძლებლობას. ყველ პარტიას მოვუწოდებთ, გამოვიდეთ და „ქართული ოცნება“ ამ თამაშებში მარტო დავტოვოთ.
ყველანაირი ინსინუაციებისა და სპეკულაციების გამოსარიცხად, ჩვენც გამოვდივართ და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოვუწოდებთ, „ქართული ოცნება“ საკუთარი „ქოცური“ პოლიტიკური დღის წესრიგის ამარა მარტო დავტოვოთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.