ლევან ბეჟაშვილი - პარტიის თავმჯდომარის არჩევნების გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ღიაობა, „ფეისბუქ“ და ბლოკჩეინ პლატფორმების შესაძლებლობების შესწავლა მიმდინარეობს
ლევან ბეჟაშვილი - პარტიის თავმჯდომარის არჩევნების გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ღიაობა, „ფეისბუქ“ და ბლოკჩეინ პლატფორმების შესაძლებლობების შესწავლა მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევის პრინციპზე იმსჯელეს.

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ პარტიის თავმჯდომარის არჩევის საორგანიზაციო საკითხები. საუბარი იყო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაზე, იქნება ხუთწევრიანი კომისია, რომელსაც პოლიტსაბჭო დაამტკიცებს. გარდა ხუთი წევრისა, თითო კანდიდატს ორი საარჩევნო კომისიის წევრის წარდგენის უფლებამოსილება ექნება. განვსაზღვრეთ, რა ვადებში უნდა ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია, საარჩევნო რეგისტრაცია, ტექნიკურ დეტალებზე ვისაუბრეთ. არის შეუთანხმებელი საკითხები, რომელზეც პოლიტსაბჭოს მოუწევს მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება — ღიად ჩატარდეს და ყველას ჰქონდეს საშუალება, ნახოს პარტიის წევრები ვის უჭერენ მხარს, თუ ეს მოხდეს დაფარულად, რაც, ბუნებრივია, ნდობის საკითხს შეიძლება წარმოშობდეს. ამიტომ, პროცესის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია, არანაირი კითხვები არ არსებობდეს და ყველაფერი გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს, შესაბამისად, ღიაობა იყოს არჩევნების დროს. „ფეისბუქ“ და ბლოკჩეინ პლატფორმების შესაძლებლობების შესწავლა მიმდინარეობს. რეალურად, ერთი და იგივეა, თუმცა საზოგადოებისთვის „ფეისბუქ“ პლატფორმა ბევრად უფრო აპრობირებული და ნაცნობია“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერ მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება.

„რაც შეეხება კანდიდატებს, ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის წარდგენაში მონაწილეობას ვიღებდი. ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილს შეუძლია, მნიშვნელოვანი სიახლეებით გამაერთიანებლის როლი ითამაშოს. იმავდროულად, ხაბეიშვილი სააკაშვილისადმი მკვეთრად გამოხატული ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, წარმართონ პარტიის საქმე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.