ლევან ბეჟაშვილი - ნიკა მელიასთვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მისი თავისუფლებით ვაჭრობა და პარტიების წარმომადგენლებმა ამ ვაჭრობით პოლიტიკური ქულები არ ჩაიწერონ
ამნისტიის კანონის ინიცირებამდე და მიღებამდე მნიშვნელოვანია, მოხდეს ნიკა მელის გათავისუფლება ყოველგვარი პირობის გარეშე, მანამდე ამ დოკუმენტის განხილვა აზრს მოკლებულია, რადგან ტექნიკურად შეუსრულებადი დოკუმენტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ნიკა მელია მოინახულა.
„ახლა გავიარე კონსულტაცია ნიკასთან და მისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ არ მოხდეს ნიკას თავისუფლებით ვაჭრობა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ამ ვაჭრობით პოლიტიკური ქულები არ ჩაიწერონ. მნიშვნელოვანია საზოგადოების დაკვეთა. მნიშვნელოვანია, რომ ერთობა შენარჩუნებული იქნას. იმავდროულად, ნიკა მელიამ არ გადაიხადოს გირაო, როგორც ეს თავის დროზე იქნა ნათქვამი, რადგან ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა გადაწყდეს პოლიტიკურად და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დისკუსიები საარჩევნო რეფორმაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ასე შემდეგ. ამოსავალი დებულება უნდა იყოს ის, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს ყოველგვარი პირობის გარეშე. ბუნებრივია, ამნისტია უნდა ეხებოდეს კონკრეტულად პოლიტიკურ ფიგურებს. არ შეიძლება, ამნისტია ეხებოდეს იმ ადამიანებს, ვინც თანამდებობრივ მდგომარეობას გადააჭარბა და ახალგაზრდებისა და სხვა მოქალაქეების მიმართ იარაღი გამოიყენა. ამ პირობების გათვალისწინებით შესაძლებელი არის, მოლაპარაკებების პროცესი წარიმართოს, რადგან საბოლოოდ ყველა ომი მოლაპარაკებებით მთავრდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, მედიატორების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი საკმაოდ ზოგადია და ითხოვს კონკრეტულ დაზუსტებებს.
„მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ნიკა მელია არ შეეგუა იმ უსამართლობას, იმ ხარჯს, რომელიც დაუწესა „ოცნების“ ხელისუფლებამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის სანაცვლოდ. ნიკა მელია იმ ხარკს არ იხდიდა და არც მომავალში არ გადაიხდის. ამიტომ გირაოს საკითხი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ამნისტიის კანონის ინიცირებამდე და მიღებამდე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ნიკა მელის გათავისუფლება ყოველგვარი პირობის გარეშე. მანამდე ამ დოკუმენტის განხილვა აზრს მოკლებულია, რადგან ტექნიკურად შეუსრულებადი დოკუმენტია“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.