ლევან ბეჟაშვილი - ნათელი იყო, რომ ხელისუფლება არ აპირებდა პროექტის გაგრძელებას იმ კონსორციუმთან, რომელიც საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობას ითვალისწინებდა
საზოგადოებისთვის ნათელი იყო, რომ ხელისუფლება არ აპირებდა ანაკლიის პორტის პროექტის გაგრძელებას იმ კონსორციუმის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობას ითვალისწინებდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი პროექტია და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.
„ბიძინა ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, რომ ანაკლიის პორტის საკითხი, თუ ამას აღსრულება უწერია, პირადად თავის ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს დაუქვემდებაროს და ის ჯგუფები შემოიყვანოს, რომელიც უშუალოდ მის კონტროლქვეშ იქნება. ამიტომ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ივანიშვილის ხელისუფლება დროზე ჩამოშორდეს ქვეყანას, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება, განხორციელდეს საერთაშორისო ინვესტორებისა და კონსორციუმის მონაწილეობით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს. აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.