ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერს შესთავაზა რუსულ ოცნებასთან ბრძოლის საერთო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და პოლიტიკურ ლიდერს შესთავაზა „რუსულ ოცნებასთან“ ბრძოლის საერთო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, საუბარი არ არის რაიმე პარტიულ-ინსტიტუციურ ერთიანობაზე, საუბარია სამოქმედო გეგმაზე, ბრძოლის ერთობლივ მეთოდებზე.
„შეთავაზების ფარგლებში, ბუნებრივია, გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მიმდინარეობს კონსულტაციები. საუბარი არ არის რაიმე პარტიულ-ინსტიტუციურ ერთიანობაზე, საუბარია სამოქმედო გეგმაზე, ბრძოლის ერთობლივ მეთოდებზე. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე შექმნან თავიანთი პოლიტიკური ერთიანობის ცენტრები, იქნება ეს „ლელო“, „გირჩი“ და ა.შ. ჩვენ მათთანაც აუცილებლად ვითანამშრომლებთ. აქ საუბარი არ არის ელექტორატის გაერთიანებაზე, საუბარია საერთო გეგმაზე, რათა ოპოზიციის მიზანი იყოს ხელისუფლებიდან „რუსული ოცნების“ ჩამოშორება.
კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც სხვა პარტიის წარმომადგენლებთან, ისე ცალკეულ ინდივიდებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან. ჩვენი მთავარი მიზანია, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ პარტიული ჩარჩოებით, რადგან სამოქალაქო საზოგადოების რიგითი წევრების ინტერესი პოლიტიკაში ჩართულობასთან მიმართებით არსებობს. მათი ჩართვა აუცილებელია, რათა პოლიტიკამ მიიღოს ახალი სისხლი. ბუნებრივია, ყველა ასეთ ადამიანთან კონსულტაცია გვექნება“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.