ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი სამიზნე არის „ქართული ოცნება“, ამ მიზნის გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის „ლელოსაც“
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი სამიზნე არის „ქართული ოცნება“, ამ მიზნის და მთავარი ამოცანის გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის „ლელოსაც“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძე ამბობს: „ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა““.
„ჩვენ ამ პოლემიკაში არ ჩავერევით. თითოეულ კონკრეტულ პარტიასთან ან ლიდერთან მიმართებაში ბევრი განცხადების გაკეთებაა შესაძლებელი, მათ შორის კრიტიკული განცხადების, მაგრამ დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი ამოცანა და სამიზნე არის „ქართული ოცნება“, იგივე რუსული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქიის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში. ამ მიზნის და მთავარი ამოცანის გარშემო გაერთიანებას ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ყველა პარტიას, მათ შორის „ლელოსაც“ მოვუწოდებთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.