ლევან ბეჟაშვილი მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ დადგინდეს პარტიის თავმჯდომარის არჩევის თარიღი
ლევან ბეჟაშვილი მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ დადგინდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის თარიღი. ამის შესახებ ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს პარტიის განახლების პროცესი, დაგეგმილია ახალი თავმჯდომარის არჩევა და ამ მიზნით შექმნილი იყო თავმჯდომარის არჩევის საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გუშინ უკვე დაასრულა მუშაობა. მისივე თქმით, მომზადებულია დოკუმენტი, წესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების დარეგულირება და იმავდროულად, შერჩეულია ელექტრონული საარჩევნო პლატფორმები, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.
„პროცესის გადადება, დაყოვნება პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. ამისთვის მივმართავთ ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩაინიშნოს ეს სხდომა, განისაზღვროს და დადგინდეს წესი, დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვფიქრობთ, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება. ვიმეორებ, პარტიის ინტერესებისთვის არ იქნება სასარგებლო ამ პროცესის გაჭიანურება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნას მიღებული. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მზად ვართ, პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, ვინაიდან არჩევნებმა, ახალმა თავმჯდომარემ უნდა გააერთიანოს პარტია, უნდა განაწყოს მთლიანად პარტიის შემადგენლობა და აქტივი ახალი ბრძოლებისთვის, ახალი გამოწვევებისთვის. ერთობით ყველა გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.