ლევან ბეჟაშვილი - მდინარაძის განცხადებაში მნიშვნელოვანია, რომ მზად არიან, კანონპროექტი უკან გაიწვიონ, რადგან გუშინდელმა შეკრებამ დაანახათ, რომ მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მთლიანად რუსულია და ზღუდავს ქვეყანაში მედიაგარემოს, ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.
ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტსა და ევროკავშირში განსახილველ პროექტებს შორის არანაირი პარალელის გავლება არ შეიძლება.
„მამუკა მდინარაძის განცხადებაში მნიშვნელოვანია, რომ მათ უკვე დაუშვეს, მზად არიან, კანონპროექტი უკან გაიწვიონ, რადგან გუშინდელმა შეკრებამ დაანახათ, რომ მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს, როგორც წინა წელს დაიცვეს ევროპული პერსპექტივა, ასევე მზად არიან, ახლაც დაიცვან. კანონი რომ რუსულია, ამაზე საუბრობს ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის, განცხადება გაავრცელა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა. კითხვაა, რომელია რუსული? მთლიანად რუსულია ეს ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში მედიაგარემოს ზღუდავს და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ეწინააღმდეგება. არანაირი პარალელის გავლება არ შეიძლება ამ კანონსა და ევროკავშირში განსახილველ პროექტებს შორის. ეს კანონი უკან უნდა გაიწვიონ, რადგან ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაღობა იქნება“, – განუცხადა ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს.