ლევან ბეჟაშვილი - გიორგი ვაშაძემ, მისმა გუნდმა ოპოზიციის ერთობა დაარღვიეს იმის გამო, რომ პრემიერობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო
გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ოპოზიციის ერთობა დაარღვიეს იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, გიორგი ვაშაძემ ათი მანდატი მოითხოვა პარტიულ სიაში, რაც მიუღებელი იყო.
„გიორგი ვაშაძე ისნის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიან მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი. მას ჰქონდა პოლიტიკური პარტიების მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ოპოზიციის ერთობა დაარღვიეს იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო. ისნის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით, პარტია შესაბამის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და მასში ყველა არგუმენტი იქნება დასახელებული. მთავარი არის არჩევნების დროს ვკონცენტრირდეთ ამომრჩევლის პრობლემებზე და არა თანამდებობების გადანაწილებაზე. არის კიდევ ერთი საკითხი – ამ ჯგუფის მიერ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის წარდგენა. ეს წარდგენა „ლეიბორისტული პარტიის“ ფორმატში არსებულ ოპოზიციურ გაერთიანებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ეს კი, გაუმართლებლად მიგვაჩნია ორპროცენტიანი პოლიტიკური ძალის მხრიდან. კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც პარტიის შიგნით, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ამ საკითხთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს განცხადება“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.