ლევან ბეჟაშვილი - განცხადებები, რომ რევოლუციური სცენარი მზადდება, „ქართული ოცნების“ ნარატივია
განცხადებები, რომ რევოლუციური სცენარი მზადდება, არის „ქართული ოცნების“ ნარატივი, რითიც ცდილობენ მოსახლეობა დასტრესონ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიცია აპირებს ყველა იმ კანონიერი საშუალებით ბრძოლას, რომელიც აუცილებელია ერთი მხრივ, ამ ხელისუფლების შესაცვლელად და მეორე მხრივ, ამ ქვეყნის განვითარებისთვის.
„ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრიოტები, გვინდა ამ ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარება, წარმატება და გამოვიყენებთ ყველა იმ კანონიერ საშუალებას, რომელიც აუცილებელია ერთის მხრივ ამ ხელისუფლების წასასვლელად და მეორეს მხრივ ამ ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
რაც შეეხება 19 მაისის არჩევნების შეფასებას, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ეს იყო ძალოვანი უწყებების ერთობლივი სპეცოპერაცია.
„მე მგონი, გუშინ ზუგდიდელებმაც და საქათველოს დანარჩენმა მოსახლეობამაც დაინახეს, რომ ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს სუს-მა, პოლიციამ, პროკურატურამ, კრიმინალურმა სამყარომ ერთობლივად, დისკრედიტებული საარჩევნო ადმინისტრაციის მეშვეობით. სამწუხაროდ, ქვეყანაში არჩევნებიდან არჩევნებამდე კიდევ უფრო მტკიცდება, რომ არჩევნებს არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები არ არის პოლიტიკური მეთოდი ხელისუფლების შეცვლის. ეს ხელისუფლება მიდის ყველაფერზე, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ უნდა იცოდნენ, ეს მოგება არის მათთვის მხოლოდ ერთი მოგება. ამ ომს მოიგებს საბოლოოდ ქართველი ხალხი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.