ლევან ბეჟაშვილი - ჩვენი მთავარი სულისკვეთებაა, რომ ეს არის მშვიდობიანი აქციები და ხელისუფლებისგან ვითხოვთ ადეკვატურ რეაგირებას
„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, გუშინ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისგან მიიღეს იგნორი თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცესკო-ს შენობასთან მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად გადაინაცვლეს.
თუმცა, მისივე თქმით, სამართალდამცველებმა შეკრებილი ადამიანების მიმართ არაადეკვატური ძალა გამოიყენეს, რამაც ვითარება დაამძიმა.
„გუშინ მთელი დღის განმავლობაში ათეულ ათასობით მოქალაქე იდგა და აყენებდა ხელისუფლების მიმართ მხოლოდ ერთ საკითხს, რომ გადამდგარიყო თამარ ჟვანია დაკავებული თანამდებობიდან, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ ჩვენ პასუხად მივიღეთ აბსოლუტური იგნორი. ამიტომ სამართლიანი და მიზანმიმართულიც იყო, რომ აქციის მონაწილეები თავისი მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატად დაიძრნენ ცესკო-ს შენობისკენ.
ჩვენ ვნახეთ, რომ კოლონა, რომელიც რუსთაველიდან მიემართებოდა აბსოლუტურად მშვიდობიანად, მისულიც არ იყო, როდესაც უკვე სამართალდამცველებმა დაიწყეს არაადეკვატური ძალის გამოყენება იქ შეკრებილი რამდენიმე ასეული ადამიანის მიმართ, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება.
ჩვენი მთავარი სულისკვეთება არის ის, რომ ეს არის მშვიდობიანი აქციები და ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას ვითხოვთ. არანაირი წინაპირობა ან ცესკო-ს შტურმის, როგორც ეს პროვოკაციულად შეაფასეს, ამას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ჩვენ აბსოლუტურად მშვიდობიანად ვაპირებდით ამ პროტესტის გამოხატვას და მივიღეთ არაადეკვატური ძალა, არაადეკვატური შიში და დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ აქცია, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმასაც, რომ იქ შემავალმა კომისიის წევრებმა, თანამშრომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ საზოგადოებრივი დაკვეთა, საზოგადოებრივი წნეხი იმ კუთხით, რომ ისინი ვალდებული არიან, შეასრულონ კანონის მოთხოვნა, დაითვალონ სამართლიანად და ობიექტურად ის ოქმები, რომელიც წარდგენილია, არა ისე, როგორც ეს „ქართულ ოცნებას “და თამარ ჟვანიას სურს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.