ლევან ბეჟაშვილი - ბუნებრივია, ევროპისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის სტატუსი, ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს
ჩვენი უკრაინელი პარტნიორების განცხადება იქნება თუ საერთაშორისო ინსტიტუციების და სახელმწიფო მეთაურების განცხადება, ცალსახაა, ერთმნიშვნელოვანია, თუ საქართველოს სურს ევროპული მომავალი, ბუნებრივია, ევროპისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის სტატუსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საააკაშვილი დღეს არის სიმბოლო, ზოგადად, ევროპული დემოკრატიული სამყაროსი.
„ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. საზოგადოებას ახსოვს კარგად, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმავდროულად უკრაინის მოქალაქე, უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკური მოღვაწე და, ბუნებრივია, რომ ამ სახელმწიფოს ლიდერები დაინტერესებულნი არიან, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სიმბოლო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისა, იყოს გათავისუფლებული“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „სააკაშვილის ბედი ჩვენთვის პრიორიტეტულია, უკრაინა დაინტერესებულია, რომ სააკაშვილი იყოს თავისუფალი“.