ლევან ბეჟაშვილი - ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩატეული იყო ფრაზაში, დაჰპირდი და გადააგდე
ლევან ბეჟაშვილი - ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩატეული იყო ფრაზაში, დაჰპირდი და გადააგდე

უკვე მერამდენედ, ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ვაწყდებით „ქართული ოცნების“ ცნობილ პოლიტიკას – „დაჰპირდი და გადააგდე“, მერამდენედ ხდება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაპირების გაცემა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, როცა „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ საზოგადოების მხრიდან წნეხი ნაკლებია, დაპირებებს ივიწყებს და ხელისუფლების განმტკიცებას ცდილობს.

„21 ივნისის შემდეგ, გახსოვთ, როდესაც პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავსულიყავით და როგორ მოხდა მთელი საზოგადოების მოტყუება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით არჩევნებთან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან, ძალაუფლების განაწილებასთან, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით იყო ერთ ფრაზაში ჩატეული, ეს არის – „დაჰპირდი და გადააგდე“. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიცოდეთ და მიდგომა შევიმუშაოთ მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში და რაც მთავარია, ქართულმა საზოგადოებამ. უნდა ვიცოდეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის სანდო პარტნიორი და მასთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

მმართველი პარტიის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ცინიკურია. როცა ხედავენ, რომ საზოგადოების მხრიდან წნეხი ნაკლებია, ასეთ განცხადებებზე მიდიან, ყველა დაპირებას ივიწყებენ და ცდილობენ ხელისუფლების კვლავ განმტკიცებას. ამიტომ, ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს პარლამენტში, ქუჩაში, და მათ უნდა იგრძნონ საზოგადოების წნეხი, რათა დავანიშნინოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში კოალიციური მმართველობა დავამკვიდროთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი. მისივე თქმით, ის, თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენპროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.

„5%-იანი ბარიერი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. პირადად მე, ყველაზე მეტად 5%-იანი ბარიერი მომწონს და უმრავლესობასაც მაშინ ყველაზე მეტად მოეწონა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი მოგვცემს უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე ძალიან სერიოზულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.