ლევან ბეჟაშვილი - აქამდე თუ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იწერებოდა კაბინეტებში, ახლა შემოღებულია მკაცრი პრინციპი, პოლიტსაბჭოს წევრის უკან უნდა იყოს კონკრეტული ამომრჩეველი
ლევან ბეჟაშვილი - აქამდე თუ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იწერებოდა კაბინეტებში, ახლა შემოღებულია მკაცრი პრინციპი, პოლიტსაბჭოს წევრის უკან უნდა იყოს კონკრეტული ამომრჩეველი

აქამდე თუ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იწერებოდა ცალკეულ კაბინეტებში, პირადი დამსახურებების, მეგობრობის თუ სხვა კრიტერიუმებით, ახლა შემოღებულია ერთი მკაცრი პრინციპი, პოლიტსაბჭოს წევრის უკან უნდა იყოს კონკრეტული ამომრჩეველი, ელექტორალური წონა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მანიპულირებადი კამპანია“, რომელიც ატეხილია თანამდებობების გამო, უსაფუძვლოა.

„ყრილობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და პარტიის პოლიტსაბჭოს არჩევითობა რაიონული ორგანიზაციების არჩევითობისა და წარმომადგენლობითობის პრინციპზე დააფუძნა, რაც გულისხმობს პარლამენტის წევრებისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების პოლიტსაბჭოში შეყვანას. აქამდე თუ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იწერებოდა ცალკეულ კაბინეტებში, პირადი დამსახურებების, მეგობრობის თუ სხვა კრიტერიუმებით, ახლა შემოღებულია ერთი მკაცრი პრინციპი, პოლიტსაბჭოს წევრის უკან უნდა იყოს კონკრეტული ამომრჩეველი, ელექტორალური წონა, რომელიც შესაბამისი არჩევნებით განისაზღვრება. დაკომპლექტდა მხოლოდ 1/3 და დანარჩენი 88 ვაკანსია შევსებული იქნება რაიონული ორგანიზაციის ახლად არჩეული თავმჯდომარეების მიერ, რომელთა არჩევის კონფერენციები უნდა ჩატარდეს მარტსა და აპრილში.

ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება, პოლიტსაბჭოში იყოს, უნდა აიღოს კონკრეტული რაიონი, მოიპოვოს ამ რაიონის მხარდამჭერთა არჩევანი და შესაბამისი სტატუსით მოვიდეს პოლიტსაბჭოში. ამიტომ ეს მანიპულირებადი კამპანია, რომელიც ამ თანამდებობების გამოა ატეხილი, უსაფუძვლოა. კოლეგებსა და მეგობრებს მოვუწოდებ, არჩევნები დამთავრდა, ახლა გვაქვს სხვა გამოწვევები, უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობიდან, როგორ მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.