ლევან ბეჟაშვილი - ამ ეტაპზე თანამდებობების გადანაწილება ნამდვილად ცუდად წარმოაჩენს პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოების თვალში
ვფიქრობ, ამ ეტაპზე თანამდებობების გადანაწილება ნამდვილად ცუდად წარმოაჩენს პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოების თვალში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივაზე კომენტარისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება.
„ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ძალოვან სამინისტროებთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული რეფორმირების მოდელები, სადაც გადამწყვეტი სიტყვა არასამთავრობო სექტორს ექნება. იქნება ეს პროკურატურა, აუდიტის სამსახური თუ პოლიციის რეფორმა, რომელიც სუს-ის გაუქმებას და ამ სისტემის დეცენტრალიზაციას გულისხმობს. ამიტომ, თუ პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი იქნება, ბუნებრივია, ერთად მივიღებთ მონაწილეობას და ერთად ჩამოვყალიბდებით. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების დაკვეთა, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს არჩევნების გზით, პოლიტიკური პარტიების კონსენსუსის საფუძველზე“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.