ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ იმპიჩმენტის დროს კონსულტაციები ექნებათ პრეზიდენტთან
ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტის მიმართ აქვს.
როგორც ჟურნალისტებს ბეჟაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რუსული რეჟიმის ტყვე, პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს.
„ამ შემთხვევაში საკუთარ უფლებამოსულებას სრულად განახორციელებს. ჩვენ იმპიჩმენტის განხორციელების დროს შესაბამისი კონსულტაციები გვექნება პრეზიდენტთან. ბუნებრივია, შესაძლოა, პოლიტიკურ ჯგუფებს კონსულტაციები ჰქონდეთ საქართველოს პრეზიდენტთან, ეს ჰიპოტეტური მსჯელობაა, წინასწარ განსაზღვრული და მიღებული გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ როცა კომუნიკაცია იქნება პრეზიდენტთან, ჩვენი მოთხოვნა გახმოვანდება, რადგან საქართველოს პოლიტიკური ტყვე ჰყავს და პრეზიდენტმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სააკაშვილი გაათავისუფლოს. კონსულტაციაზე არაფერი არ წამომცდა, თუ ვერ გაიგეთ, თავიდან გავიმეორებ: იქნება შეხვედრა, კომუნიკაცია თუ კონსულტაცია. ახლა კი არა, მანამდეც იყო და შემდეგაც, ყოველთვის იქნება მთავარი მოთხოვნა – სააკაშვილი გაათავისუფლოს. ამ საკითხის იმპიჩმენტთან დაკავშირება არასწორი იქნება. ჩვენ პრეზიდენტისგან ყოველდღე ვითხოვთ, სააკაშვილი გაათავისუფლოს. ეს იქნება სტატუსის გზაზე მიღებული ყველაზე ქმედითი ნაბიჯი. იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არცერთ შემთხვევაში არ მივიღებთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.