ლევან ასათიანი - საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვა გამონაკლისის გარეშე უნდა უზრუნველყოს
ლევან ასათიანი - საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვა გამონაკლისის გარეშე უნდა უზრუნველყოს

საერთშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგომარეობაა განხილული. ანგარიშში საქართველოზეცაა საუბარი.

“საქართველოს გარშემო რეპრესიული პოლიტიკის მორევში მყოფ ქვეყანათა წრე შეიკრა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა უცხო ხილი გახდა. რეგიონში შექმნილმა ამ რეალობამ საქართველოზეც იქონია გავლენა, რასაც აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები ადასტურებს. რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვა გამონაკლისის გარეშე უნდა უზრუნველყოს“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე Amneaty International-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა, ლევან ასათიანმა.

Amneaty International-ი სხვა მიმართულებებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობაზე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარები აგრძელებს ადამიანის უფლებათა დარღვევას და მავთულხლართების გაბმის გახშირებული პრაქტიკა ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის. მათ შორის, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება და სახნავ-სათეს ტერიტორიებზე წვდომა, ათასობით ადამიანი კვლავ ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში.

ანგარიშში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეც მოხვდა. მასში აღნიშნულია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საქმის სასამართლოში განხილვა გაგრძელდა. „2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელებისათვის, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერებად მიიჩნევიან, დაბრუნება ბრძანა, რითაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის სავარაუდო ჩარევის თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს და სასამართლო პროცესი უსამართლოდ შეაფასეს“, – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ მარტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერება მოითხოვა, ვიდრე საქმეს თავადაც არ განიხილავს.

ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოში პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის არაეფექტურ გამოძიებასა და დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრეს, რომელზეც ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული.

“მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შეიქმნის პროცესი დასრულდეს. აუცილებელია ასეთი მექანიზმი ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ქართული კონტექსტისთვის ადეკვატური იყოს, უზრუნველყოს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება, პროცესში მსხვერპლის სრულყოფილი ჩართვა და საჭიროების შემთხვევაში, საჯარო გახსნილობისთვის ღიაობა“, – აცხადებს ლევან ასათიანი.

ასევე, ანგარიშში საუბარია ლგბტ პირების უფლებებზე და აღნიშნულია, რომ ახალი კონსტიტუციით, ქორწინების შესახებ მუხლს, რომელიც ადგენს, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“, ქორწინების განმარტება დაემატა, რომელიც განისაზღვრა, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“.

“ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ყოველგვარი სამართლებრივი აღიარების გარეშე რჩებიან. 25 აგვისტოს, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, პოლიციამ ორი ლგბტ აქტივისტი დააკავა. აქტივისტებმა მათ მიმართ ძალადობა და „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ საფუძვლით მათი დაკავება გააპროტესტეს. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აგვისტოში აქტივისტების საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული“, – ნათქვამია ანგარიშში.

დღეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციის ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოც შეუერთდა. დოკუმენტში მსოფლიოს 159 ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობაა მიმოხილული.