ლევან ასაბაშვილი - თბილისის გენგეგმა ზოგადი პოლიტიკური სურათის ერთ-ერთი გამოვლინებაა
ლევან ასაბაშვილი - თბილისის გენგეგმა ზოგადი პოლიტიკური სურათის ერთ-ერთი გამოვლინებაა

თბილისის გენგეგმა ზოგადი პოლიტიკური სურათის ერთ-ერთი გამოვლინებაა, – ამის შესახებ ურბანისტმა, ლევან ასაბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ვგულისხმობ რაღაც ნაძალადევ ფორმალიზაციას, ნაძალადევ ევროპეიზაციას. პოლიტიკის სხვა სფეროებში ეს არის მაგალითად, ასოცირებასთან დაკავშირებული კანონების ბრმად გადმოტანა. დღეს ქალაქს სულ სხვა გამოწვევები უდგას. არის უდიდესი უმუშევრობა, ეკონომიკური უთანასწორობა, საბინაო საკითხი და ა.შ. გენგეგმაში საუბარია მაგალითად, ქალაქში ველობილიკების მოწყობაზე და ცოტა არაადეკვატურ რაღაცებზე. ამას წინათ, ნიუსიც ვნახე, სადაც რაღაც ინიციატივაა, რომ ველობილიკებზე ფეხით მოსიარულეები დაჯარიმდნენ“, – განაცხადა ლევან ასაბაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი აკრძალვები ჩვენი საზოგადოებისთვის არაადეკვატურია და ეს სიმპტომი პერიფერიული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

ლევან ასაბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქის კონცეფციის ერთ-ერთი პუნქტი არის „კომპაქტური ქალაქი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის განფენა აღარ უნდა გაგრძელდეს და ის დღეს არსებული განაშენიანების ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს.

„ზოგადად, თუ ასე მივუდგებით, ეს ახალი მიწების ათვისების პერსპექტივას ზღუდავს, მაგრამ არანაირად არ ზღუდავს ქალაქის შიგნით დაბალი განაშენიანების პერსპექტივას. შეიძლება, დეველოპერებს ცოტა გადაწყობა მოუწიოთ. იმ დეველოპერს, რომელიც მაგალითად, გაუნაშენიანებელ მიწაზე ფიქრობდა განაშენიანებას, შესაძლოა, შიგნით მოუწიოს განაშენიანება, მაგრამ გენგეგმაში არ ჩანს ისეთი რაღაც, რომ მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციები მაგალითად, ეკონომიკის სხვა დარგში წავიდეს“, – განაცხადა ლევან ასაბაშვილმა.

ამ განცხადებით ლევან ასაბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არეგულირებს ქალაქის გენგეგმა დეველოპერთა საქმიანობას და რამდენად აჩენს შესაძლებლობას, რომ დეველოპერების მიღმა შეიძლება, ქალაქის განვითარება დავინახოთ, რადგან ის, რაც აქამდე დეველოპერებმა შექმნეს, დამახინჯებული ურბანული სივრცეა.

ანალიტიკოს ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, რაშია გამოსავალი, ლევან ასაბაშვილმა განაცხადა, რომ გამოსავალი არსებული პრობლემების აღიარება იქნებოდა, შემდეგ კი, შესაბამისი პოლიტიკის განხორციელება.

„გამოსავალი პოლიტიკაშია. მიმაჩნია, რომ ქალაქს არ აქვს პოლიტიკა და ამიტომაც აღმოჩნდა ასე, რომ ეს დოკუმენტიც, ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა, შინაარსობრივად ლეგალისტური, ცოტა ტექნოკრატიული ჩარჩოა. ქალაქი იტყვის, რომ გეგმა არის და რაკი არის, საქმე შეიძლება, კარგად წავიდეს. არ არსებობს პოლიტიკის დოკუმენტები და არ არსებობს პოლიტიკა, რომ დაიძლიოს ის ძალიან რთული გამოწვევები, რაც ამ ქალაქს აქვს. ვფიქრობ, გამოსავალი იქნებოდა იმ პრობლემების აღიარება, რაც არის და შემდეგ შესაბამისი პოლიტიკის განხორციელება“, – განაცხადა ლევან ასაბაშვილმა.