ლევან ახვლედიანი - თუ მთავრობა წამოგვყვება, კიდევ ექვსი თვეა საჭირო, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხი დაიხუროს
ლევან ახვლედიანი - თუ მთავრობა წამოგვყვება, კიდევ ექვსი თვეა საჭირო, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხი დაიხუროს

თუ ჩვენს მიერ დასახელებულ საკითხებზე მთავრობა წამოგვყვება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს კიდევ ექვსი თვე სჭირდება, რომ ყველა საკითხი დაიხუროს და მოლაპარაკებები დასრულდეს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ასეთ შეთხვევაში, მისივე თქმით, ექვსი თვის შემდეგ მშენებლობა დაწყებული უნდა იყოს.

„თუ იმ სამ საკითხზე, რომელიც ჩემ მიერ დღეს წარმოდგენილი იყო, მთავრობა წამოგვყვება, მოდელირება არის შემდეგი – პროექტს კიდევ ექვსი თვე დასჭირდება, რათა ყველაფერი ჩაიხუროს, ყველა მოლაპარაკება იყოს დასრულებული და დახურული. ამ ექვსი თვის თავზე კი, მშენებლობა იყოს დაწყებული“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, კონსორციუმის დირექტორმა დეპუტატებთან შეხვედრაზე ის სამი საკითხი განმარტა, რომელიც მისივე შეფასებით, მთავრობასთან ერთად უნდა მოგვარდეს, აღნიშნული საკითხები ეხება ინვესტორების მხარდაჭერას, ბანკების მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნას და პორტის ოპერატორის (ამერიკული SSA MARINE) მოთხოვნას, მთავრობა არ ჩაერთოს სხვა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში.

ასევე, როგორც ლევან ახვლედიანმა განმარტა, პირველი გემის მიღება მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებიდან 24 თვეში იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და უზარმაზარი რესურსი ამ პროექტის გარშემო, ადამიანური, ფინანსური თუ სხვა. ჩატარებულია ათობით კვლევა, რომელიც 10 ათასობით გვერდს მოიცავს. ინვესტირებულია 75 მლნ დოლარი. მომზადებულია გარემოზე და სოციალურ მდგომარეობაზე ზეგავლენის კვლევა, ამერიკულმა კომპანიამ – BergerABAM შექმნა 2018 წელს პორტის პროექტი. ასევე იყო უპრეცედენტო დაღრმავებითი და სარეკლამაციო სამუშაოები. ამ სამუშაოებით სამშენებლო გრაფიკში 12 თვე მოვიგეთ. ზოგადად, პორტის მშენებლობას დაწყებიდან დასრულებამდე დაახლოებით 36 თვე სჭირდება. აქედან 12 თვე უკვე მოგებული გვაქვს. ანუ ფინანსური დახურვისთანავე და მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებიდან სულ რაღაც 24 თვეში მოვახერხებთ პირველი გემის მიღებას“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.