ლევან ახვლედიანი - საქართველოს აქვს პერსპექტივა, ცენტრალურ აზიასა და დასავლეთს შორის ვაჭრობის 30% დაიკავოს
საქართველო დასავლეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს და აქედან გამომდინარე, ტვირთებთან მიმართებით ორი ძირითადი ბაზარი გვაქვს, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„პირველადი ბაზარი, რომელსაც სამხრეთ კავკასიას ვეძახით და ძირითადი მეორადი ბაზარი, ცენტრალურ აზია. სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში ძალიან პრიორიტეტული კორიდორი ვართ, რადგან რეგიონის ქვეყნებს ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ და გარე სამყაროსთან ვაჭრობის თვალსაზრისით, მათთვის გარკვეული პრიორიტეტი გაგვაჩნია, ხოლო ცენტრალურ აზიაში ძალიან დიდი კონკურენციაა და ჩვენ კონკურენტული უნდა გავხდეთ, რათა ცენტრალური აზიის დასავლეთთან ვაჭრობაში, რაც წელიწადში დაახლოებით 70 მილიარდია, გარკვეული ნიშა დავიჭიროთ“, – განაცხადა ახვლედიანმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს აქვს პერსპექტივა, ცენტრალურ აზიასა და დასავლეთს შორის ვაჭრობის დაახლოებით 30% დაიკავოს.
„ასევე, ჩინეთის ინიციატივით ხორციელდება უზარმაზარი ინვესტიციები „აბრეშუმის გზის“ პროექტში. ჩვენ უკვე დაგვერქვა შუა კორიდორი და ჩინეთი ძალისხმევას არ იშურებს, ამ კორიდორში ინფრასტრუქტურა, რაც შეიძლება, მაღალ დონეზე იყოს, რათა მათ ტვირთების გადატანა შეძლონ. არის ინფორმაცია, რომ საქართველოს შუა კორიდორი მათთვის ერთ–ერთი მიმზიდველი იქნება“, – განაცხადა ახვლედიანმა.
პირველი არხის ანალიტიკოსის, ლევან კალანდაძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ჩინეთთან გარკვეული მოლაპარაკებები, ასევე გარკვეული გარანტიები, რომ რეალურად ტვირთები ანაკლიის პორტში იყოს მოზიდული, მიმდინარეობს თუ არა გარკვეული კონტაქტების დამყარება და არსებობს თუ არა გარკვეული გაანგარიშებები, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ტვირთებთან მიმართებით არ არსებობს გარანტიები, ვიღაცამ თქვას, რომ სავაჭრო ტვირთები, რომლებიც რეგიონებს შორის მოძრაობს, აუცილებლად აქეთ წამოვა.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, გვქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რათა გარკვეული ბაზრის ნიშა დავიჭიროთ. თუ ასეთი ინფრასტრუქტურა გვექნება, კონკურენტ კორიდორებს კონკურენციას აუცილებლად გავუწევთ. ჩვენი ბიზნესგეგმა ამ ხედვაზეა დაფუძნებული“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.