ლევან ახვლედიანი - საარბიტრაჟო დავისგან თავის ასარიდებლად მთავრობა არანაირ ნაბიჯს არ დგამს
ლევან ახვლედიანი - საარბიტრაჟო დავისგან თავის ასარიდებლად მთავრობა არანაირ ნაბიჯს არ დგამს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების დამატებითი მცდელობა გვექნება, მაგრამ ორი თვის გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, მოგვიწევს საარბიტრაჟო სასამართლო დავაში შესვლა, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა არანაირ ნაბიჯს არ დგამს საარბიტრაჟო დავისგან თავის ასარიდებლად.

„სხვადასხვა მხარეების, მათ შორის ჩვენი პარტნიორების დეზინფორმირების მცდელობები იყო, რომ ჩვენ არ ვემზადებით და არ ვაპირებთ სასამართლო დავას. მინდა, ვთქვა, რომ სამწუხაროდ, მთავრობა არ დგამს არანაირ ნაბიჯს, საარბიტრაჟო დავას თავი აარიდოს. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკების დამატებითი მცდელობები იქნება, მაგრამ ორი თვის გასვლის შემდეგ, ალბათ ჩვენ მოგვიწევს სასამართლო დავაში შესვლა. ეს არის კომერციული საარბიტრაჟო დავა, სადაც ძირითადად ფინანსური მოთხოვნების დაყენება ხდება ხოლმე, ჯერ ვერ გეტყვით ზუსტ თანხას, რა იქნება ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი. იურიდიული ფირმა ზარალს ითვლის და როგორც კი გვექნება, შეგატყობინებთ. ასევე მოვითხოვთ, რომ აღადგინოს ხელშეკრულება მთავრობამ და შეასრულოს პირობები, რაც არის საჭირო, რომ შევძლოთ პროექტის წარმატებით განხორციელება. ეს ორი ძირითადი მოთხოვნა იქნება“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

რაც შეეხება ფოთის პორტს და მისი გაფართოების შესახებ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გეგმებს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოს არ სჭირდება ორი ღრმაწყლოვანი პორტი და ღრმაწყლოვანი პორტის შექმნა მხოლოდ ანაკლიაში არის შესაძლებელი.

„მინდა, სრული თავდაჯერებით გითხრათ, რომ საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება. რაც შეეხება „ეი პი ემ ტერმინალსის” განცხადებას მათ გეგმებთან დაკავშირებით, რაც დააანონსეს, ეს არის დაახლოებით 150 000 დამატებითი საკონტეინერო გამტარუნარიანობა პირველი ფაზის ფარგლებში. ეს ვერ დააკმაყოფილებს ამბიციას, რაც საქართველოს აქვს, რომ გახდეს სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბი. ჩვენ გვჭირდება გაცილებით უფრო დიდი ინფრასტრუქტურა. ანაკლია არის კონსტიტუციით გამყარებული პროექტი და ასეთი მასშტაბის შექმნა სხვაგან, მათ შორის ფოთშიც არ არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ანაკლია არის ერთადერთი ადგილი, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის აშენება შეიძლება. თუ მთავრობა გასცემს ნებართვას „ეი პი ემ ტერმინალსზე“, ეს ნიშნავს პრაქტიკულად, რომ ანაკლიის პორტი საბოლოოდ დასამარდება. თუ ასე მოხდა, არ არის გამორიცხული, რომ საქართველო საერთოდ ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე დარჩეს“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების“ კონსორციუმმა“ გუშინ განაცხადა, რომ მზად არის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში, ასევე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ პროცესს კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ.

2020 წლის 11 თებერვალს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართა, რაც სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს.