ლევან ახვლედიანი - გვინდა, ანაკლიაში ისეთი კომერციული გარემო შევქმნათ, რომ საერთაშორისო კომპანიები მაქსიმალურად მოვიზიდოთ
„ანაკლია სითისთან“ დაკავშირებით კონსორციუმს აქვს ხედვა, რომელიც ქაღალდზე ახლა გადადის, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
პირველი არხის ანალიტიკოსის, ლევან კალანდაძის შეკითხვაზე, რას ნიშნავს „ანაკლია სითი“, რა რეგულაციები ექნება მას და რით იქნება საინტერესო ქართველი ბიზნესმენებისთვის, მოსახლეობისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ხედვის მიხედვით, უნდა შეიქმნას ადმინისტრაციული ზონა, რომელშიც დიდი ლოჯისტიკური კომპანიების მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, რაც მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ საქართველოში დაფუძნდნენ და საქმიანობა საქართველოს ამ ტერიტორიიდან აწარმოონ, სამართლებრივად იქნება ეს, ბიზნესის, საგადასახადო, თუ სხვა კუთხით.
„გვინდა, ისეთი ადმინისტრაციული ზონა მოვაწყოთ, რომელიც უშუალოდ ასეთ კომპანიებს მოერგება. ადმინისტრაციული ზონა ზონებად და სექტორებად დაიყოფა. იქ იქნება ფინანსური ცენტრი, ლოჯისტიკური და სასაწყობო მეურნეობა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი იქნება, ასევე, სამრეწველო სექტორიც. აუცილებელია, ზონაში დივერსიფიცირებული სექტორები ჩამოყალიბდეს. გვინდა, ისეთი რეგულირება და კომერციული გარემო შევქმნათ, რომ საერთაშორისო კომპანიები მაქსიმალურად მოვიზიდოთ, რომლებსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვთ, რეგიონში საქართველოდან იმუშაონ“, – განაცხადა ახვლედიანმა.
როგორც მან აღნიშნა, გეოგრაფიულად, საქართველო და მისი პორტები როგორც სამხრეთ კავკასიას, ისე ცენტრალურ აზიას ემსახურება. ეს კი, უზარმაზარი, 860–მილიარდიანი ეკონომიკაა და დაახლოებით, 160–მილიონიან მოსახლეობას იმპორტ–ექსპორტი სჭირდება.
„ჩვენ პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამჭვირვალობის მქონე ქვეყანა ვართ და აქედან, ასევე სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ასეთი მასშტაბური, დიდი საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა და აქ დაფუძნება შეუძლია”, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, როგორც კი პორტი აშენდება და მრეწველობა შემოვა, ქალაქი ამას აუცილებლად მიებმება და აუცილებლად განვითარდება.
„ჩვენი სტრატეგიაა, „ანაკლია სითი“ მაქსიმალურად მწვანე, ეკო ქალაქი იყოს. გვინდა, ისეთი ქალაქი ავაშენოთ, სადაც ადგილობრივები და საერთაშორისო მოთამაშეები შეძლებენ, საქმიანობა აწარმოონ, დასახლდნენ და იცხოვრონ“, – განაცხადა კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა.
ლევან კალანდაძემ სტუმარს შეკითხვა ქალაქის სამართლებრივ რეგულაციებთან დაკავშირებითაც დაუსვა. შეკითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია მოსაზრება, რომ შესაძლოა, „ანაკლია სითიზე“ ქართული სამართლებრივი რეგულაციები არ გავრცელდეს და გავრცელდეს მაგალითად, ბრიტანული სამართლებრივი რეჟიმი, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ეს საკითხი ღიაა.
„მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო იურიდიულ–საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებთან ერთად ანალიზს გავაკეთებთ და ჩამოვყალიბდებით, ყველაზე მიზანშეწონილი რომელი არბიტრაჟული სამართალი იქნება. ეს მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება და გარკვეულ ეტაპზე მთავრობას ჩვენს ხედვას შევთავაზებთ“, – განაცხადა ახვლედიანმა.