ლევან ახვლედიანი - ანაკლიის განვითარება დიდ შესაძლებლობებს მოუტანს მთელ ქვეყანას
ანაკლიის განვითარება დიდ შესაძლებლობებს მოუტანს არამხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მთლიანად ქვეყანას, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ეს პროექტი – განსაკუთრებით, პორტი, მასზე მიმაგრებული ქალაქი და ინდუსტრიული, ეკონომიკური ზონა ქვეყანაში ძალიან დიდ ეკონომიკურ ღირებულებას შექმნის. შექმნის უამრავ დამატებით სამუშაო ადგილს, რაც ოჯახებს დამატებით შემოსავალს მოუტანს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რეგიონს მოვერგოთ, მაგრამ უხეში პარალელი რომ გავავლოთ, ეს ადგილები დაახლოებით, ისე წარმოგვიდგენია, როგორც სინგაპური, ჰონკონგი“, – განაცხადა ახვლედიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ანაკლია ახალი სინგაპური, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ იქნება.
„ვფიქრობ, ნამდვილად იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამისკენ ვილტვით“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
მაკა ცინცაძემ სტუმარს ასევე ჰკითხა, არის თუ არა ერთი და იგივე ანაკლიის პორტი და ლაზიკა, რომლის მშენებლობაზეც წინა ხელისუფლების პირობებშიც იყო საუბარი, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის.
„ეს აბსოლუტურად განსხვავებული პროექტია. ჩვენ ვეცადეთ, მოგვეძიებინა, რას მოიცავდა ლაზიკას პროექტი, მაგრამ ვერ მოვიძიეთ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. იყო რაღაც გარკვეული ხედვები, რაც საჯაროდ, სიტყვიერად ითქვა, მაგრამ ქაღალდზე კონკრეტულად ვერაფერი მოვიძიეთ. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, იდეა გასული საუკუნის 20–იანი წლებიდან არსებობს და გარკვეული კვლევებიც ჩატარდა, მაგრამ დიდი ხნის წინ ჩატარებულ კვლევებს ვერ დავეყრდნობოდით. ამიტომ ჩვენ მასშტაბური კვლევები ჩავატარეთ, რაშიც დაახლოებით 20 მილიონი დავხარჯეთ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.